სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობის ეგიდით და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით გამოვიდა წიგნი „ეკლესიის სოციალური მოძღვრების კომპენდიუმი“.
წინასიტყვაობა, სათაურით „ეკლესიის სოციალურ პასუხისმგებლობაზე“, ეკუთვნის არქიმანდრიტ ადამ ვახტანგ ახალაძეს. მასში ვკითხულობთ:
„ძვირფასო მკითხველო! შენს წინაშეა რომის კათოლიკური ეკლესიის სოციალური მოძღვრების კომპენდიუმის ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი. ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში მის გამოჩენას აუცილებლად მოჰყვება გარკვეული, ამასთან – მრავალმხრივი, ლოგიკური შედეგები. ამ მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია, გვერდი კი არ ავუაროთ ამ მოვლენას, არამედ შევუდგეთ რეფლექსიას მის შესახებ.
ეს მით უფრო ცხადია, რომ წინამდებარე წიგნის შესავალში ვკითხულობთ: „ეს დოკუმენტი განკუთვნილია, აგრეთვე, სხვა ეკლესიებისა თუ საეკლესიო საკრებულოების ძმებისთვის, სხვა რელიგიების მიმდევართათვის, და ყველა კეთილი ნების ადამიანისთვის, ვინც ძალისხმევას ყოფს საერთო სიკეთისთვის: დაე, ინებონ მისი მიღება როგორც საყოველთაო კაცობრივი გამოცდილების ნაყოფისა“. ასე რომ, კომპენდიუმის ავტორები ქრისტიანებს, და არაქრისტიანებსაც, კეთილი ნების ყველა ადამიანს მხოლოდ საკუთარი გამოცდილების გაზიარებას თხოვენ, თუმცა ამით სულაც არ თმობენ წარმოდგენილი დოქტრინის შინაარსისა და მნიშვნელობის უნივერსალურობას. რაც შეეხება ამ წიგნში გამოთქმული იდეების მიღებას, ეს, ცხადია, მოითხოვს, უპირველეს ყოვლისა, კომპენდიუმის შინაარსის გაგება-შესწავლას და შემდგომ – ზედმიწევნით ანალიზს და შეფასებას.
თანამედროვე კონფესიათშორის და ერთაშორის სივრცეებში თანამშრომლობის გარდუვალობას თითოეული აქტორისთვის განაპირობებს გლობალიზაციის, უნივერსალიზაციის, საზოგადოების დემოკრატიზაციის, ინფორმაციის ღიაობისა და მისაწვდომობის პირობებში სხვადასხვა კულტურათა სულ უფრო ინტენსიური შეხვედრები. ინტერ- და კროსკულტურული კომუნიკაციები წარმოაჩენს როგორც არსობრივ განსხვავებებს, ასევე მსგავსებებს ქვეყნებს, ხალხებს, სახელმწიფო, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალურ-კულტურული და სხვა მოღვაწეობის სუბიექტებს, ასევე ცალკეულ ინდივიდუუმებს შორის მათ მენტალიტეტში, მსოფლაღქმაში, ღირებულებათა იერარქიაში.
კომუნიკაციის სასურველი სახე კულტურათშორისი დიალოგია. ამგვარი დიალოგის ორგანულ ნაწილად და ურთიერთთანამშრომლობის წარმატებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მივიჩნევთ ჩვენს წერილობით გამოხმაურებას რომის კათოლიკური ეკლესიის სოციალური მოძღვრების კომპენდიუმის ქართულ ენაზე თარგმანის გამოქვეყნების თაობაზე“.