აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

უნივერსიტეტის რექტორისაქართველოს საპატრიარქოს 
წმინდა თამარ მეფის სახელობის 
უნივერსიტეტის რექტორი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე)

 

 

 

  • დაიბადა 1962 წლის 1 მარტს ქალაქ ბათუმში. 1978 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

  • 1984 წელს წარჩინების დიპლომით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და სწავლა განაგრძო მოსკოვში, ა. ნ. ბაკულევის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატურაში.

  • 1990 წელს იქვე დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: “გულის თანდაყოლილი მანკებით დაავადებულთა ანესთეზია პირიტრამიდით ხელოვნური სისხლის მიმოქცევის პირობებში ჩატარებული ოპერაციების დროს”.

  • 1991 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა განაგრძო აკადემიკოს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის გულის ქირურგიის კლინიკაში.

  • 1994-1999 წლებში ამავდროულად მუშაობს ექიმად საქართველოს საპატრიარქოში და არის საპატრიარქოს საქველმოქმედო საბჭოს წევრი.

  • 2003 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: “ბიოეთიკის გენეზისი და მისი როლი ბიომედიცინისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების თანამედროვე ეტაპზე”.

  • 1999-2005 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქირურგიის კათედრის პროფესორია. 2003 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, ქართული სამედიცინო ენციკლოპედიის სამეცნიერო-საკონტროლო რედაქციის გამგე.

  • 1994-2002 წლებში ხელმძღვანელობს საპატრიარქოსთან არსებულ სატელევიზიო შემოქმედებით ჯგუფს. არის 30-მდე საავტორო ტელეგადაცემის ავტორი.

  • 2001 წელს ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია - ბიოეთიკური კვლევისა და კულტურის ცენტრი. ამ ცენტრმა საფუძველი ჩაუყარა მოწყალების დების სასწავლებელს, რომლის ბაზაზე 2006 წელს თბილისის სასულიერო აკადემიასთან დაარსდა წმინდა თამარ მეფის სახელობის მოწყალების დებისა და სოციალური მედიცინის ინსტიტუტი.

  • 2006 წლის სექტემბერში უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით დაინიშნა სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარედ და წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის გენერალურ დირექტორად. არის ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს (CCM) და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს წევრი.

  • 2006 წელს არჩეულია საქართველოს პრევენციული მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრ-აკადემიკოსად.

  • 2009 წლის 3 ივნისს – საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

  • 2004 წლის 4 აპრილს აღიკვეცა ბერმონაზვნად თბილისის თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტერში. იმავე წლის 19 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის ლავრის საკათედრო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

  • 2005 წლის 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულზე უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ აყვანილია იღუმენად, ხოლო 2008 წლის 21 დეკემბერს – არქიმანდრიტის ხარისხში.

  • 2009 წლის 12 მარტს დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის მედიცინის ინსტიტუტის რექტორად. 2010 წლის 2 დეკემბრიდან აღნიშნულ ინსტიტუტს ეწოდა წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი.

  • 2009 წლის 24 მაისს დაინიშნა თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვრად.

  • ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ასწავლის შემდეგ დისციპლინებს: "ბიოეთიკა", "ავადმყოფის მოვლა", "მოწყალების დის საქმე: თეორია და პრაქტიკა", "ბიოეთიკური და ქრისტიანული ანთროპოლოგია". 

  • არის 90-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, 140-ზე მეტი მხატვრული და პუბლიცისტური სტატიის, 9 წიგნის ავტორი.

  • არქიმანდრიტ ადამის მეცნიერული კვლევის სფეროს წარმოადგენს მედიცინის თეორია, ფილოსოფია და ისტორია, ბიოეთიკა, სოციალური და პრევენციული მედიცინა, ჯანდაცვის მენეჯმენტი, სამედიცინო ფსიქოლოგია, ფსიქოჰიგიენა, რწმენისა და ცოდნის ურთიერთმიმართება, სამედიცინო განათლების მენეჯმენტი.

 

მეცნიერული პუბლიკაციები

გამოცემული წიგნები 

სამეცნიერო–პოპულარული და პუბლიცისტური სტატიები

Created by Joomla.ge