მეორე დღეა, უჟგოროდში (უკრაინა) აღმოსავლეთ ევროპის რელიგიათშორისო და სამოქალაქო გარემოსდაცვითი ფორუმის (IRCEF) ოფისში საქმიან შეხვედრას აგრძელებს სამუშაო ჯგუფი NABU-ს (the Nature Biodiversity Conservation Union) პროექტის ფარგლებში „ეკლესია და არასამთავრობო ორგანიზაციები ეროვნული უმცირესობებისა და ძნელადმისაწვდომი სოციალური ჯგუფების ეკოლოგიური განათლებისათვის“. შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში იმართება. მონაწილეობენ უკრაინის, მოლოდოვეთისა და საქართველოს წარმომადგენლები.
დღეს შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრების წინაშე მოხსენებით წარდგა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია - ბიოეთიკური კვლევისა და კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არქიმანდრიტი ადამ ვახტანგ ახალაძე. მამა ადამმა ისაუბრა ეკოლოგიის ცნების ტრანსფორმაციაზე თანამედროვე შეცვლილი რეალიების, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის ფონზე.
მამა ადამმა აღნიშნა, რომ ეკოლოგიური პრობლემების მიმართ დამოკიდებულება კაცობრიობის სულიერ-ზნეობრივი მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია. სულიერ-ზნეობრივი განახლების, სულიერი განწმენდის, განათლების სისტემის ყველა საფეხურზე ეთიკური და ღირებულებითი პრიმატის აღიარებისა და რეალურ ცხოვრებაში დანერგვის გარეშე შეუძლებელია ეკოლოგიური (ასევე სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა) პრობლემების გადაწყვეტა.
შეგახსენებთ, რომ თამარ მეფის უნივერსიტეტი რამდენიმე წელია თანამშრომლობს IRCEF-თან. ეს გახლავთ აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო რელიგიური და საზოგადოებრივი ბუნების დაცვის ფორუმი, რომლის უპირველესი მიზანი კლიმატის დაცვის საქმეში არის მოსახლეობის თანმიმდევრული ინფორმირება აღნიშნული პრობლემის თაობაზე ეკლესიის, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი (არასამთავრობო) სექტორის თანამშრომლობით.
IRCEF-ის კლიმატის დაცვის კომიტეტის წევრად 2018 წლის 2 სექტემბერს არჩეულ იქნა თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე).