„პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული საგანმანათლებლო აკადემიის -საზღვრებს მიღმა“ - და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, ისაია ჭანტურიას ინიციატივით ბუფერული ზონისა და კონფლიქტის რეგიონის მოსწავლეებისათვის ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა.
პროგრამა გამოირჩევა მრავალფეროვანი აქტივობებით. ბავშვებისათვის მუშაობს ჩრდილების თეატრი, ფოლკლორის წრეები, ანიმაციისა და კალიგრაფიის შემსწავლელთა ჯგუფები.
საგანმანათლებლო პროექტში ჩართულ მოსწავლეებს ხშირად სტუმრობენ ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები.
2025 წლის 9 თებერვალს მეუფე ისაიას ეპარქიაში პროგრამის მონაწილეებისათვის ლექცია წაიკითხა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ბელა სარიამ. თემა, რომლითაც ის წარსდგა აუდიტორიის წინაშე, არის შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის მატარებელი ერთ-ერთი თვალსაჩინო ლირიკული ნაწარმოების, დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანის“ ადგილი ქართულ მწერლობაში.
მოსწავლეები დიდი ინტერესით ისმენდნენ როგორც ისტორიულ წყაროებში დაცულ სათავგადასავლო დეტალებს დავით აღმაშენებლის ცხოვრებიდან, ასევე მსჯელობას ფსალმუნებისა და ანდრია კრიტელის „ სინანულის დიდი კანონის“ მიმართების შესახებ დავით აღმაშენებლის უკვდავ შედევრთან.
დამსწრე საზოგადოება - პედაგოგები, მრევლის წევრები, პროგრამის განმახორციელებლები ერთხმად გამოხატავდნენ მადლიერებას ქალბატონი თიკა სვანიძე-ვენკოს, ქალბატონი მაკა მიდოდაშვილის, კალიგრაფ დავით მოისწრაფიშვილისა და ქალბატონი ბელა სარიას მიმართ. პროგრამის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, ხშირად ჩატარდეს ასეთი სახის საგანმანათლებლო - შემეცნებითი საუბრები.