აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

სტუდენტური ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად არაფორმალური განათლების ფარგლებში თამარიუნის სტუდენტებისათვის შექმნილია კულტურულ-შემეცნებითი პროგრამა „თბილისმცოდნეობა“.
ამჟამად ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ვეწვიეთ (ივანე ჯავახიშვილის ქუჩა, 7).

მუზეუმი 1982 წლის 30 დეკემბერს დაარსდა. კალინინის ქ. N 7-ში (ახ. ივანე ჯავახიშვილის ქ. N 7) მდებარე შენობის ნაწილი, ხოლო მოგვიანებით - მთლიანად შენობა, გადაეცა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს. სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1957 წლის 3 აგვისტოს. მის ბაზაზე ახლანდელი მუზეუმი საზეიმოდ 1987 წლის 27 ოქტომბერს, მწერლის დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა. 1988 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს განკარგულების თანახმად მუზეუმს ეწოდა ქალაქ თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.

2024.11.29 3

1888-1901 წლებში აქ თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან - ოლღა გურამიშვილთან ერთად. ამ სახლს უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები. აქ იყო განთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. ამ შენობაში იმართებოდა ილიას ტრადიციული „ხუთშაბათობები“. აქ იღებდა სათავეს მთელი რიგი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურული წამოწყებები.
მუზეუმში დაცულია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ექსპონატები: მემორიალური ნივთები, ავეჯი, ჭურჭელი, პირადი არქივები, ილიას ნაწარმოებების გამოცემები, მისი შემოქმედებისა და ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ლიტერატურა: სამეცნიერო შრომები, მონოგრაფიები, სტატიები, ნარკვევები დოკუმენტური და ფოტო მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა.

მუზეუმის თანამშრომლებმა სტუდენტებთან საუბარი ინტერაქტიურ რეჟიმში წარმართეს. წმინდა ილია მართლის ცხოვრების, მოღვაწეობისა და შემოქმედების უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად მოვისმინეთ საინტერესო ფაქტები მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიიდან, გიდმა გვიამბო თბილისის ყოფის ამსახველი არაერთი ეპიზოდი და ცნობები იმ დროს მოღვაწე გამოჩენილი ქართველი მანდილოსნების შესახებ (საგანმანათლებლო პროგრამა „ქალები წარსულიდან).
თბილისმცოდნეობის გაკვეთილები კვლავაც გაგრძელდება.

2024.11.29 2

Created by Joomla.ge