25 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა თათბირი, რომლის მონაწილეები იყვნენ თბილისის ამერიკის ჰოსპიტალისა და მინიმალური ინვაზიის ქირურგიის მოწინავე გამოცდილების ცენტრის (Advanced and Minimally Invasive Surgery Excellence Center, American Hospital of Tblisi, Tbilisi, 0102, Georgia, https://ahtbilisi.com/departments/advanced-and-minimally-invasive-surgery-center/ ) ხელმძღვანელი პროფესორი ენდრიუ გუმბსი და მისი თანამშრომელი, ქირურგი მანანა გოგოლი. ერთი წლის განმავლობაში გამართული რიგით მესამე თათბირით დასრულდა ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარე თანამშრომლობის I ეტაპი და ჩამოყალიბდა ახალი პერსპექტივა.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ფართო საერთაშორისო თანამშრომლობაში, რაც გამოიხატება საინჟინრო ფსიქოლოგიის ასპექტების, სამედიცინო და საინჟინრო კადრების მომზადების, სხვადასხვა ფსიქოლოგიური ასპექტების შესწავლა-განვითარებსა და კვლევებში აქტიური მონაწილეობით, ასევე სამედიცინო ეთიკის პრობლემების გადაწყვეტაში ჩართულობით, რადგან ყველა ზემოდასახელებული საკითხი ხელოვნური ინტელექტის მედიცინაში დანერგვასთან დაკავშირებით აქტუალური გახდა.
პროფესორ გუმსთან არაერთხელ გვისაუბრია, რომ ინტელექტს ჩვენ განვიხილავთ დიმიტრი უზნაძიოს განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის ძირითად მიდგომებზე დაყრდნობით, და ხელოვნური ინტელექტის მოდელიც უნდა შევთავაზოთ მსოფლიო მეცნიერებას, როგორც უზნაძის მოდელის პრაქტიკული რეალიზაციის/გამოყენების შესაძლებლობა.
ამ მომენტისათვის პროფესორ გუმბსის და მისი ცენტრის განვითარების პროექტმა ისეთ მაშტაბს მიაღწია და იმდენად მკაფიოდ გამოჩნდა ამ პერსპექტიული მიმართულების კადრებით უზრუნველყოფის პრობლემა არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, რომ კოორდინირებისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია ინფორმაციის მიწოდება და თათბირის მოწყობა განათლების და მეცნიერების სამინისტროს პირველ პირებთან. საქართველოს შეუძლია ამ დარგში მოწინავე ქვეყნებს სწრაფად დაეწიოს და მათ რიგში ჩადგეს.
უნივერსიტეტის სრული პროფესორი ლევ გეონჯიანი