თამარ მეფის უნივერსიტეტის ლიტერატურულმა სალონმა "მირკანმა" გამართა მორიგი ონლაინ ლიტერატურული საღამო "მუზები არ დუმან!“, რომელიც პოეზიის მსოფლიო დღეს მიეძღვნა და ამავდროულად რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინელი ხალხისადმი მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში თანადგომისა და მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად იქცა.
საღამო გახსნა სალონის მამასახლისმა პროფესორმა გია სულაბერიძემ. სიტყვები წარმოთქვეს: რექტორმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ, პროფესორმა ინგა ღუტიძემ, დეკანმა ბელა სარიამ, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ნაილი ასანიძემ, პროფესორმა თამარ ჯავახიშვილმა, სტუდენტმა მარიამ კიკალიშვილმა, ბაკალავრმა გიორგი ჯიჯიაშვილმა. გამომსვლელებმა და აგრეთვე საღამოს სხვა მონაწილეებმა: ვახტანგ ახალაძემ, მაკა შალიკაშვილმა, ლევან ცალუღელაშვილმა, მარიამ კვერღელაძემ, ლანა სულხანიშვილმა, ქეთი კაპანაძემ წაიკითხეს შოთა რუსთაველის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა ფშაველას, გალაკტიონის, გიორგი ლეონიძის, ტიციან ტაბიძის, ანა კალანდაძის, მურმან ლებანიძის, შოთა ჩანტლაძის, ლაშა გახარიას, თამაზ ჭილაძის, ოთარ ჭილაძის, ემზარ კვიტაიშვილის, შოთა ნიშნიანიძის, მამა ადამ ახალაძის, გოდერძი ჩოხელის, ტარიელ ხარხელაურის, ელა გოჩიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის პოეტური ტექსტები.
საღამოს მონაწილეთა და დამსწრეთა მხატვრული სიტყვისადმი გამოხატულმა ინტერესმა, კეთილგანწყობამ, გამოთქმულმა აზრებმა, ფიქრიანმა ფიქრმა, ლექსის სიყვარულმა ნამდვილ სულიერ ზეიმად აქცია პოეზიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მშვენიერი საღამო.
ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გააძლიეროს ყველა მონაწილე!
უფალმა მოჰმადლოს გამარჯვება უკრაინელ ხალხს!
მშვიდობა და თავისუფლება მთელ კაცობრიობას! ამინ!