აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის არქიმანდრიტ ადამ ახალაძის მისასალმებელი სიტყვა  უნივერსიტეტში 2011/2012 სასწავლო წლის  დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ცერემონიაზე

     მაღალ ყოვლად უსამღვდელოესო მეუფენო, მაღალ ღირსნო მამანო. დედანო, ღრმად პატივცემულო პროფესორ-მასწავლებლებო, ჩვენო ძვირფასო პირველკურსელებო, პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით მადლიერების გრძნობით, მადლიერების გრძნობით უფლისადმი, რომ გაგვითენა დღევანდელი დღე და ჩვენ ეხლა ყველანი ერთად ვართ.
     პირველ რიგში, რა თქმა, ის  რაც ხდება დღეს ეხება ჩვენს პირველკურსელებს. ეს ყველაფერი მათთვის ხდება. ამიტომაც ჩემი აზრით, ყველაზე  ამაღელვებელი მათი სახელებისა და გვარების წარმოთქმა იყო ამ წმიდა ტაძარში. ამას აქვს არა მარტო ემოციური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა, არამედ უმაღლესი საკრალური მნიშვნელობა, თქვენი სახელები გაისმა წმინდა ტაძარში. ეს არის ის უდიდესი პირველი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა იმ გზაზე რომელმა გზამაც თქვენ ნამდვილ დიდ ცოვრებაში უნდა გაგიყვანოთ. პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, მაგრამ დიდია ის სიხარულიც, რომელსაც ეხლა თქვენ განიცდით ან უნდა განიცდიდეთ. ჩვენ შევეცდებით ესეც გასწავლოთ. გასწავლოთ სიხარულის და მწუხარების განცდა, რადგან არა მარტო ჩვეულებრივი პროფესიული განათლება არის  მნიშვნელოვანი არამედ მნიშვნელოვანი არის, რომ  ჩვენ ერთად გავიაროთ ეს გზა. ამისათვის ახალგაზრდა თაობის სულიერ-ზნეობრივი აღზრდაა საჭირო. ჩვენ მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე ვართ. ეს არის პროცესი როდესაც საგანმანათლებლო  აკადემიური სისტემის შერწყმა, ჰარმონიზაცია ხდება დედა ეკლესიასთან. ის რაც იყო ოდითგან, მაგრამ ზოგიერთი რამ ჩვენ გზადაგზა დავკარგეთ. ასე ხდება ხოლმე როდესაც  ჩვენ არ ვუფრთხილდებით იმას რასაც ღმერთი საჩუქრად გვაძლევს. ამგვარი საჩუქარი ქართველებს უამრავი მიგვიღია უფლისაგან და, როცა უფალთან წარვდგებით ჩვენ ანგარიში უნდა ჩავაბაროთ ამის შესახებ, რა უყავით იმას რაც უფალმა მოგვცა. აი ჩვენი უნივერსიტეტის დაარსება არის სწორედ მოკრძალებული ნაბიჯი, თუმცა შინაარსით პრეტენზიული, გადადგმული ამ გზაზე. რომ ის რისი საშუალებაც არ ჰქონდა მრავალ თაობას მოგეცათ თქვენ და თქვენ შეძლოთ ყველაფერ ამის გამთლიანება.
     როდესაც ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს ამგვარად ეს ნიშნავს, რომ ეს სასწავლო წელი გამორჩეულია. გამორჩეულია იმიტომ რომ ჩვენ პირველად მივიღეთ სტუდენტები, რომელთაც წარმატებით გაართვეს თავი რთულ ეროვნულ გამოცდებს. მე გილოცავთ ამ წარმატებას და გისურვებთ, რომ  სწავლის სურვილი განსაკუთრებულად განგმძაფრდებოდეთ.
     მნიშვნელოვანი არის ის რომ ჩვენ შევეცდებით ჩვენს უნივერსიტეტში გასწავლოთ წიგნზე მუშაობა, ტექსტის ანალიზი, გასწავლოთ სათანადო მეტყველება, გასწავლოთ ის, რაც ჩვენ დაგვიტოვა წინა თაობებმა. საგანძური, ინტელექტუალური საგანძური, უპირველეს ყოვლისა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი ინახავს თავის თავში, არის უსაშველოდ დიდი. თქვენ ყველაფერ ამის მემკვიდრეები ხართ.
     კიდევ ერთხელ გილოცავთ, არა მარტო დღევანდელ დღეს, თქვენს არჩევანს გილოცავთ და ამ არჩევანისათვის მადლობას გეუბნებით, რადგან პასუხისმგებლობის გრძნობა ორმხრივი უნდა იყოს არა მარტო სტუდენტების არამედ ჩვენი მხრიდანაც. ჩვენ ამაზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ, უკვე გვქონდა შეხვედრები თქვენს პროფესორ-მასწავლებლებთან და ისინი გელოდებიან თქვენ  დიდი სიყვარულით. ჩვენ გვჯერა, რომ ღვთის შემწეობით, ყოვლადწმინდა დედაღვთისმშობლის მფარველობით იმედები არ გაგვიცრუვდება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ბევრი წარმატებები მოგველოცოს თქვენთვის სწავლების იმ მგზაზე, რომელიც  თქვენ წინ გელით. კიდევ ერთხელ  ძალიან დიდი მადლობა ყველას.
     ჩვენ     ვიცით,     რომ     მნიშვნელოვანი    დღეა პირველკურსელებისათვის და ამიტომ მათ საშუალებას ვაძლევთ, რომ დღეს ერთობლივი და ასეთი ოფიციალური სურათი ჩვენ საპატიო სტუმრებთან ერთად გადაიღონ, რომელიც ყოველთვის გაახსენებთ დღევანდელ დღეს. კარგი დასაწყისი აუცილებელია წარმატებული დასასრულისათვის. ღმერთმა გაგახროთ.

 არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე)

Created by Joomla.ge