გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც ამავდროულად გახლავთ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარი, ტელეკომპანია პოსტვ-მ მიიწვია გადაცემაში „პოსტ ალიონი“, რათა სატელევიზიო ეთერის საშუალებით მთელი საქართველოსთვის მიელოცა წმინდა გიორგობის დღესასწაული.
„საქართველოში წმინდა გიორგის 365 სალოცავი იყოო, რომ ამბობდნენ ჩვენი წინაპრები, - განგვიმარტა მამა ადამმა, - ეს ნათქვამი სალოცავების რაოდენობას კი არ გულისხმობდა ოდენ, არამედ იმასაც, რომ აქ, ჩვენში - წმინდა გიორგის ქვეყანაში, ყოველ დღეს სადმე, რომელიმე კუთხეში, სოფელში, მთაზე თუ ზეგანზე მეფეთა უძლეველი წინამბრძოლი დიდმოწამის სახელზე აგებული ტაძრის დღესასწაული იყო, ან ტყვეთა, გლახაკთა და სნეულთა შემწე ნათელ მხედრის მიერ აღსრულებული სასწაულის ხსენებას აღნიშნავდნენ, ან საკვირველქმედების ადგილს მოილოცავდნენ.“
არქიმანდრიტმა ადამმა დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცა ახალგაზრდებს, მათ შორის სტუდენტებს, და უფროსი თაობის წარმომადგენლებს მოუწოდა, დაუზოგავი და თავგანწირული სიყვარულით იზრუნონ მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაზე, საქართველოს მომავალზე, მის აღმშენებლობასა და სახელმწიფოებრივ გაძლიერებაზე.