აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

გილოცავთ,
გილოცავთ,
გილოცავთ
ახალ 2024 წელს!


🎄ღმერთო, მშვიდობისა
და სიყვარულის წელი გაგვითენე!
შვილები გაგვიხარე,
მამული გაგვიმთელე,
ზეცა გაგვინათე,
დილა გაგვითენე,
ფუძე გაგვიმყარე,
სული გაგვიწმინდე,
გული გაგვიწრფელე,
კერა გაგვიღვივე,

ვაზი გაგვიზარდე,
პური გაგვიმრავლე,
ღვინო დაგვიყენე,
წიგნი დაგვიფასე,
მადლი გვასხივოსნე,
ლოცვა დაგვაფარე,
შენად დაგვიგულე!


🎄ახალი წელი ტრადიციულ დღესასწაულად დამკვიდრდა მთელს მსოფლიოში და სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა დროს აღნიშნავს მას.

🎄ეტყობა, ჩვენი ბრძენი წინაპრები ბევრად უფრო საინტერესო შინაარს დებდნენ მასში, ვიდრე თანამედროვე ადამიანები. ახალი წელი ხომ ფიქრია დროის წარმავალობაზე, უსასრულობაზე, მარადიულობაზე და ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების სასრულობაზე.

🎄რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ ახალ წელს 1 თუ 14 იანვარს, ორივე შემთხვევაში არ უნდა ვუღალატოთ მთავარს - იგი ოჯახური დღესასწაულია. დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ დღესასწაულის ოჯახურობის შენარჩუნება, რათა გავითავისოთ ოჯახის მნიშვნელობა; ამ დღეს ერთად უნდა შეიკრიბოს სამი, ოთხი თუ ხუთი თაობა. საბედნიეროდ, ასეთი ოჯახი ბევრია.

🎄ძველად ახალ წელს ადამიანი ცდილობდა დოვლათით სავსე სუფრაზე, რომელსაც მთელი ოჯახი ეჯდა ირგვლივ, დაენახა, რა შეძლო, როგორ იშრომა ან ოჯახი როგორ გამრავლდა; ვინ დარჩა და ვინ წავიდა; რაზე უნდა ელოცა. ეს ერთგვარი შეჯამება იყო, როცა ნაჯფარი ადამიანი ისვენებდა. აკი ვინც შრომა იცის, მან დასვენებაც იცის. დასვენება კი იმასაც უნდა ემსახურებოდეს, ადიდო უფალი, იფიქრო იმაზე, შენი ცხოვრება რამდენად შეესაბამება ღვთაებრივ დანიშნულებას შენსას.

🎄ნაძვის ხე აუცილებლად უნდა დაიდგას ოჯახში. ბევრს უკვირს, თქვენ ამბობთ, რომ ახალი წელი ნაკლებად მნიშვნელოვანია და ნაძვის ხე რაღა საჭიროაო. მათ უბრალოდ არ იციან, რომ ნაძვის ხე არასოდეს ყოფილა საახალწლო. ნაძვის ხე საშობაო ფენომენია. საახალწლო ნაძვის ხე გაჩნდა გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც იმ ავადსახსენებელ კრემლში პირველი ნაძვის ხე დაიდგა საახალწლოდ. მანამდე კი ბოლშევიკებმა იგი აკრძალეს, რადგან კარგად იცოდნენ, რისი სიმბოლოც იყო. სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი მოკლე მეხსიერების გამოვდექით, რომ ეს დავივიწყეთ. დღემდე გაიგონებთ, ნაძვის ხე საახალწლოაო, არადა იგი ძალიან თბილი, მღელვარებით სავსე გადმოცემის გამოხატულებაა, რაც სწორედ ქრისტეს შობასთან არის დაკაშირებული.

🎄ქრისტეშობის შემდგომ, როდესაც წმინდა ოჯახი ლტოლვილად იქცა და ეგვიპტეს მიაშურა, ყრმა მაცხოვარი ჩახუტებული ყავდა დედა ღვთისმშობელს, მას ახლდა იოსებ დამწინდველი და კიდევ ხორციელი ძმა უფლისა იაკობი. ისინი გარბოდნენ, რათა გადაერჩინათ ღვთაებრივი ყრმა ჰეროდეს მიერ დადევნებული მხედრებისგან. ძალიან ბევრი განსაცდელი შეხვდათ გზაში. მაშინაც სულ ახლოს მოესმათ ცხენების ფლოქვების ხმა; ირგვლივ არაფერი იყო, სადაც შეიძლებოდა, დამალულიყავი. იდგა ერთადერთი ნაძვის ხე, რომელსაც კოპწიად აეპრიხა თავისი ტოტები და რომლის ქვეშაც ადამიანი ვერ დაიმალებოდა. ისინი მივიდნენ და მაინც ამ ერთადერთი ხის ქვეშ დადგნენ. და აი, ამ დროს ნაძვის ხემ დაუშვა თავისი ულამაზესი ტოტები და საიმედოდ დაფარა ლტოლვილნი. მხედრებმა ისე ჩაუქროლეს ნაძვს, რომ ვერაფერი დაინახეს. აი, ასეთი გადმოცემა არსებობს; ამიტომაც გამოირჩიეს ადამიანებმა ნაძვის ხე, როგორც სიმბოლო, რომელმაც აგრერიგად დაგვიმშვენა შობა.

🎄ნაძვის ხეს კი იმიტომ ვრთავთ, რომ ახალშობილ მაცხოვარს მოგვებმა ძღვენი მოართვეს. აი, ჩვენც ნაძვის ხეზე ვკიდებთ იმას, რაც გვინდა შევწიროთ ახალშობილ ყრმა მაცხოვარს. ეს ტრადიციულად იყო ტკბილეული, სათამაშოები, ლამაზი ნაკეთობები, ხილი, ჩურჩხელები... ნაძვის ხის ძირას დებდნენ საჩუქრებს, რომლითაც უნდოდათ გაეხარებინათ თავიანთი ახლობლები და ოჯახის წევრები. ასე რომ მთელი ეს სილამაზე და სიხარული ქრისტეშობის დღესასწაულის კუთვნილებაა.

🎄ჩემო ქრისტეს მიერ საყვარელო და ძვირფასო მეგობრებო! მრავალ ახლა წელს დაგასწროთ გამჩენმა სიხარულით, ჯანმრთელობით, მშვიდობით, ბარაქით, ზეცის წყალობითა და ბედნიერებით! ამინ!

Created by Joomla.ge