დღეს საქართველოსთვის თამარმეფობაა - ქრისტესმიერი ძლევამოსილებისა და აღორძინების დღესასწაული! თითოეული თამარისათვის ანგელოზის დღეა!
კიდევ ერთ თამარმეფობას მიითვლის ხვალ-ზეგ ჟამთააღმწერელი. უკვე მეხმიანებიან. აკი ვაგვიანებ ჩვეული სადღესასწაულო მილოცვის გავრცელებას ხაზგასმული სიხარულიანი განწყობით... მეც ჩავფიქრდი, მთელი დღის დაძაბულობით და შრომით დაღლილი.
საეკლესიო დღესასწაული ჩვენთვის, ღვთისმსახურთათვის მძიმე შრომის დღეა, როგორც წესი. წინა დღეს დიდი ლოცვითი მსახურებაა ჩასატარებელი, აღსარებები – მისაღები, ტაძარი – საზეიმოდ მოსართავი, მოწყალების გასაღებადაც ზრუნვა და ფიქრია საჭირო – სად, რა და როგორ შეიძინო, რომ დააპურო მომსვლელი, ყურადღების და მცირე საჩუქრის გარეშე არ დაგრჩეს ის, ვისაც ანგელოზის დღე აქვს, ან რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას აღნიშნავს, ან ვისაც მიცვალებულისთვის პანაშვიდის გადახდა უნდა. ჟამისწირვასაც მეტი ძალისხმევა სჭირდება. ენერგია იმათთვისაც უნდა შეინახო, ვინც ტაძარში მოსვლა ვერ მოახერხა და შინ უნდა აზიარო. პარაკლისიც გადასახდელია, ქადაგებაც სათქმელი და ხალხიც დასალოცი... მოკლედ მძიმეა ასეთი დღეები.
ახლაც წმინდა თამარ მეფის დღე თენდება. ტაძარში თუ მორჩი საქმეს, თამარ მეფის უნივერსიტეტი ხომ რიგში დგას. აღარაფერს ვამბობ თამარწმინდაზე, სადაც დედები სულმოუთქმელად მელოდებიან (ამ ჯერზე მათთან ვატარებ წირვას). ჩვენს მიერ დაარსებული ფონდიც დიდ თამარ მეფეს უკავშირდება და გამოსაცემი წიგნების სერიაც „თამარის დროშის“ ბიბლიოთეკა. ახლა რამდენი თამარი ელოდება მილოცვას.
აი სადარდებელს კი ყველას ვერ გაუზიარებ. თამარ მეფის სახელს ხომ მომეტებული გაფრთხილება სჭირდება. ზოგჯერ ისე ექცევიან თამარ მეფის სახელის მატარებელ მონასტერს თუ უნივერსიტეტს, თითქოს აქაც არაფერიო. რატომღაც ვივიწყებთ, რომ დღევანდელ საქართველოს ისევ, როგორც გუშინდელს და ხვალინდელსაც, დიდი თამარ მეფის ლოცვა იფარავს. ამ წმინდანთან, მისი სახელობის მატარებელ სახლებთან და სავანეებთან ყოველი მიახლება დაყურსული უნდა იყოს მისი ღვაწლის წინაშე გამორჩეული დაფასებით, დიდი მოწიწებით.
ვიდრე თქვენ ერთმანეთს გახარებულები ულოცავთ წმინდა თამარმეფობას, ჩვენ ისევ ვცდილობთ შევაგნებინოთ ადამიანებს, რომ მეტი გულისხმიერებით მოექცნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასაც, მონასტერსაც, ჩვენც – ამ ყველაფრის დამფუძნებლებს, მუშაკებს, მშრომელებს, ვინც სიცოცხლე შეალია, ვინც, არავინ უწყის, რამდენი ოფლი, სისხლი და ცრემლი დაღვარა ამ ყველაფრის შესაქმნელად.
აკი აგურ-აგურ ვაშენეთ, დიახ, აგურ-აგურ;
მისხალ-მისხალ ვამუშავეთ მიწა;
კაპიკ-კაპიკ (გნებავთ – თეთრ-თეთრ) ვაგროვეთ თანხა, რომ რაიმე შეგვეკოწიწებინა, შეგვექმნა, გაგვეკეთებინა;
ოცი წელიწადია, ყოველ წუთს ხელი გვიდევს მსოფლიო განათლების, მეცნიერების, კულტურის, ისტორიის მაჯისცემაზე, თვალყურს ვადევნებთ თითოეული სტუდენტის განვითარებას, არ ვიშურებთ არაფერს, რომ კიდევ ერთი წიგნით გამდიდრდეს ბიბლიოთეკა ან კიდევ ერთი მცენარე დაირგოს ჩვენს ბაღში...
სხვისას ვერაფერს გეტყვით. ჩვენ ჩვენს მიმართ მეტ გულისხმიერებას ვითხოვთ და ვლოცულობთ ამაზე. რადგან სწორედ ჩვენ და ჩვენნაირები და ჩვენს ხელში გამოზრდილები ვქმნით ჩვენი სამშობლო ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მომავალს.
ასე რომ, ვის ზეიმი ექნება ხვალ და სუფრა გრძელი სადღეგრძელოებით... ჩვენთვის ეს ჩვეულებრივზე უფრო დატვირთული დღეა, თავდაუზოგავი შრომაა, გულწრფელი ლოცვაა და ზრუნვა ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ხვალინდელ დღეზე.
სულმნათი აკაკი ბრძანებს წმინდა დიდი თამარ მეფის შესახებ, რომ მან „სულ 28 წლის განმავლობაში იმდენი საქმეები ჩაიდინა, ისე აამაღლა საქართველო, რომ ყოლიფერი მის შესახებ, რომ უტყუარი ისტორიული საბუთები არ გვეჭიროს ხელში, ზღაპარი ან სიზმარი გვეგონებოდაო”.
ჩემო ქრისტეს მიერ საყვარელო და ძვირფასო ქართველებო, მოგილოცავთ თამარმეფობას! იხარეთ და იბედნიერეთ! ამინ!