აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

🇬🇪🏔☀️ დავითაღმაშენებლობა მომილოცნია, ჩემო საქართველოვ!
 
🇬🇪🏔☀️ აღმშენებლობის სიხარული და გამარჯვება მომელოცოს ყოველთვის, ჩემო!
🇬🇪🏔☀️ შენ მარტო მთა-ბარი ან მიწა-წყალი ხომ არ ხარ, ჩემო კარგო სამშობლო ქვეყანავ! ან ღვთაებრივად ლამაზი ბუნება და ტყე-ველს შეფარებული ნადირ-ფრინველ-სულდგმული ხომ არა ხარ მხოლოდ! არც მარტო სიმღერა ან ზეცისკენ მსწრაფი ტაძრები და ციხე-კოშკები! არც მარტო ქართველი დედაკაცები და მამაკაცები, გოგონები და ვაჟები, მოხუცებულნი და ჩვილნი!
🇬🇪🏔☀️არა! ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის მხოლოდ ის, საიდანაც იწყება ჩვენი სამშობლო ქვეყანა... იწყება და არასოდეს მთავრდება...
🇬🇪🏔☀️არც მიწისძვრა ან ზვავის ჩამოწოლა, არც ქართველის სიკვდილი ან უშვილოდ გადაგება, არც ტყის გაკაფვა, არც მიწა-ყანის სიბერწე, არც ბრძოლებში დამარცხება, არც უცხოტომელთაგან ენის შერყვნა, არც ჯვარ-ხატების გატაცება, არც იადგართა, ჟამნ-გულანთა, სიგელ-გუჯართა ფერფლადქცევა, არც ღალატი და არც სხვა რამ განსაცდელნი, არც მტრის მიერ ჩვენი ბედოვლათობით წართმეული მიწები ან მეხდაცემული მუხა ან დამშრალი წყარო – არაფერი არ ნიშნავს დასასრულს...
🇬🇪🏔☀️ჩვენ ჩვენს სამშობლოსთან ერთად ვგრძელდებით მ ა რ ა დ ი ს ო ბ ა შ ი, უკეთეს ქართველთა ფიქრებსა და ნატვრებში, ამათ მწარე ამოკვნესა-ამოგმინვაში, წინაპრების ლოცვებში, ახალშობილი ვაჟის ბოკვერულ მზერასა და ჩითისკაბიანი გოგონას მორცხვ ღიმილში, არწივის ირაოში და ხარირმის ნახტომში, უთქმელ ლექსსა და სულში ჩაბუდებულ გალობაში, უხმო სიოს ჩამოქროლვას აყოლილი ფურისულების თრთოლვაში...
🇬🇪🏔☀️ შენ ხომ ღვთისგან ხარ ჩვენთვის მოცემული. ჰო-და უნდა გიპატრონოთ, მაშ, რა პასუხს მივცემთ გამჩენს.
🇬🇪🏔☀️საქართველოსავით რა უნდა მყვარებოდა გაჩენილს? ისე კი ყველაფერი მიყვარს და მებრალება, ყველა სულდგმული, მაგრამ საქართველოს ხომ ვერ შეედრება?! ვიფიქრე, შევწირავ და შევეწირები-მეთქი. ვისაც მეგონა, რომ უყვარდა და გვერდით დავუდექ, სამშობლო ქვეყანა ფეხებზე დაიკიდა და მეც ზედ მიმაყოლა. არ ვპატიობ კია. ყველაფრისგან დაცლილს, იმის სამყოფი ტკივილი და სიყვარული ხომ დამიტოვა დამბადებელმა, ბოლომდე დავენაცვლო და კანტიკუნტად დარჩენილ ქართველებსაც აქეთკენ გამოვუკვლიო გზასავალი.
 
/უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე/
 

Created by Joomla.ge