საერთაშორისო სიმპოზიუმი „ზრდასრული ადამიანის ღეროვანი უჯრედები: მეცნიერება და ადამიანისა და კულტურის მომავალი“
ა.წ. 9–11 ნოემბერს ვატიკანში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე „ზრდასრული ადამიანის ღეროვანი უჯრედები: მეცნიერება და ადამიანისა და კულტურის მომავალი“. მასში მონაწილეობდა ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე არქიმანდრიტი ადამ ახალაძე.
ფორუმმა ოცდაათ მომხსენებელზე მეტი შეკრიბა: აქ სიტყვით გამოვიდნენ როგორც მედიცინის მუშაკები, ასევე პაციენტები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები, პოლიტიკოსები, დიპლომატები, მეწარმეები, კულტურის მოღვაწეები. ისინი სიმპოზიუმის სხვა მონაწილეებთან ერთად იდეების გაცვლა–გამოცვლას სამი დღის განმავლობაში შეეცადნენ.
ქრისტიანული სამყაროსათვის მეცნიერებასთან დიალოგი ერთ–ერთ ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს. „ცხადია, ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით მეცნიერებას, – განაცხადა სიცოცხლის განვითარების აკადემიის პრეზიდენტმა მონსენიორმა კარასკო დე პაულამ, – ხოლო კრიტიკულად განვიხილავთ არა იმას, რაც ბუნებაშია, არამედ ადამიანის ნამოქმედარს, თუკი ის ეთიკური თვალსაზრისით მიუღებელია და ადამიანის სასიკეთოდ არ არის მიმართული... ამჟამად სხვადასხვა სამეცნიერო დარგი ეთიკური სტანდარტების შემუშავების პროცესშია. ამიტომაც უნდა გავეცნოთ ექსპერიმენტული მეცნიერების შედეგებსაც, რათა სწორად შევაფასოთ და გავამხნევოთ ისინი, თუკი ამას იმსახურებენ, წავახალისოთ იმგვარი სამედიცინო კვლევა–ძიება, რომელიც პასუხობს თანამედროვე ეთიკის მოთხოვნებს, გულისხმიერებას იჩენს ანთროპოლოგიური ძვრების მიმართ, მაგალითად, ისეთი რთული სფეროს მიმართ, როგორიცაა რეგენერაციული მედიცინა. რაც შეეხება ემბრიონულ ღეროვან უჯრედებს, ვაცხადებთ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა.
„ზრდასრულთა ღეროვანი უჯრედების შემთხვევაში დილემას თავიდან ავიცილებთ“, – ხაზგასმით აღნიშნა ექიმმა რობინ სმიტმა, ამ ინიციატივის მხარდამჭერი აშშ–ფარმაცევტული კომპანიის „Stem for life”-ის დამფუძნებელმა. მან გამოხატა რწმენა, რომ კონფერენცია „ისტორიული“ იქნება რეგენერაციული მედიცინის დარგისათვის, რომელიც ზრდასრულთა ღეროვან უჯრედებზეა დამყარებული.
სამდღიანმა სიმპოზიუმმა ფართო სპექტრით წარმოდგენილ თემათა მეშვეობით დაგვანახა, თუ რა სერიოზულ შესაძლებლობებს იძლევა ეს კვლევები; დამსხვრეულია მითი, რომლის მიხედვითაც თვლიდნენ, რომ ერთადერთი გზა მრავალი დაავადებული ტანჯული ადამიანის კითხვებზე პასუხის გასაცემად იყო ემბრიონული ღეროვანი უჯრედები. თუ დავფიქრდებით ისეთ ონკოლოგიურ სნეულებაზე, როგორიცაა ლეიკემია, ან თუნდაც პარკინსონიზმზე, ალცჰაიმერის დაავადებასა თუ გაფანტულ სკლეროზზე, ასევე დიაბეტსა, ან სხვადასხვა სახის ართრიტზე, უნდა ითქვას, რომ ყველა ამ სფეროში ზრდასრული ღეროვანი უჯრედებით ჩატარებული ინტერვენცია კარგ შედეგებს იძლევა, რასაც ადასტურებენ თავად პაციენტები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს იგი. ზრდასრულთა ღეროვანი უჯრედები უხვად მოიპოვება ჩვენს ორგანიზმში: ძვლის ტვინში, სისხლში... ამგვარად ჩნდება შესაძლებლობა ეთიკური პრობლემების გამწვავების გარეშე შევაჩეროთ ადამიანის ტკივილი, მწუხარება, ტანჯვა – ეს თავად კაცობრიობიდან წამოსული მოწოდებაა.