აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

რუმინეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უნივერსიტეტის რექტორი 
დაჯილდოვა წმინდა ანდრია პირველწოდებულის ჯვრის ორდენით

2016 წლის 8 ივნისს  წმინდა თამარ მეფის სახელობის შინდისის დედათა მონასტერს (თამარწმინდას) რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტომისის ეპარქიის მღვდელმთავარი,თეოლოგიის დოქტორი, ოვიდიუსის უნივერსიტეტის პროფესორი, არქიეპისკოპოსი თეოდოსი პეტრესკუ თანმხლებ სასულიერო და საერო პირებთან, საქართველოს რელიგიურ საქმეთა სააგენტოს თავმჯდომარესთან ბატონ ზაზა ვაშაყმაძესა და წმინდა ანთიმოზ ივერიელისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის მონაწილეებთან ერთად ეწვია.

სტუმრებს მასპინძლობას უწევდნენ მონასტრის წინამძღვარი, საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე, მონასტრის იღუმენია თამარ ბაიდოშვილი, მონასტრის წევრები და თამარ მეფის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

არქიეპისკოპოსმა თეოდოსიმ მოილოცა მირქმის მშენებარე ეკლესია, მონასტრის სასაფლაო და სამლოცველო. მოინახულა სამეურნეო ნაგებობანი და გაეცნო მონასტრის დაარსების ისტორიასა და ტიპიკონს.

გაიმართა ოფიციალური ვახშამი. სიტყვები წარმოთქვეს: მამა ადამმა, მეუფე თეოდოსიმ, ბატონმა ზაზა ვაშაყმაძემ, იღუმენია თამარმა, მონაზონმა თემისტიამ, დეკანოზმა ალექსი ქშუტაშვილმა და სხვებმა.

მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ აღნიშნა რა არქიმანდრიტ ადამის გამორჩეული როლი რუმინეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის ურთიერთობების განვითარების, სარწმუნოებრივ და მეცნიერულ მსოფლმხედველობათა გამთლიანებისკენ მიმართული მეცნიერული კვლევების წარმოებისა და საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობის საქმეში, დამსწრე საზოგადოებას გააცნო გადაწყვეტილება მამა ადამის დაჯილდოების შესახებ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ჯვრის ორდენით. 

   

სამადლობელ სიტყვაში მამა ადამმა ყურადღება მიაქცია საქართველოში ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების მოღვაწეობის შესახებ ქადაგებისა და ამ თემაზე არსებული მეცნიერული გამოკვლევების შედეგების პოპულარიზაციის აუცილებლობას.

Created by Joomla.ge