აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

შეხვედრა  პროფესორ შუშანა ფუტკარაძესთან

  2016 წლის 6 ოქტომბერს თამარ მეფის უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ცნობილ მეცნიერთან, თურქეთელი ქართველების ენისა და კულტურის მკვლევარ, პროფესორ შუშანა ფუტკარაძესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები.

მისასალმებელი სიტყვა უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა წარმოსთქვა. ღონისძიების გახსნამდე მან დამსწრე საზოგადოებასთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ცნობილი ქართველი მეცენატის, საზოგადო მოღვაწისა და ბიზნესმენის, წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორისა და ამავე უნივერსიტეტის მეგობართა და მხარდამჭერთა საზოგადოების პალატის ოქროს წევრის, ბატონი სიმონ ზაზაძის ხსოვნას, რომელიც 5 ოქტომბერს გარდაიცვალა. რექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროფესორი შუშანა ფუტკარაძე წლების განმავლობაში ბატონი სიმონის თანამოაზრე და მხარდამჭერი იყო თურქეთში ქართული კულტურის განვითარების კეთილშობილურ საქმეში.

არქიმანდრიტმა ადამმა აღნიშნა შუშანა ფუტკარაძის მეცნიერული საქმიანობის უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც შეეხება თურქეთში  “ჩვენებურების” მეტყველების, ყოფისა და კულტურის კვლევას. 

დიდია ქალბატონი შუშანას წვლილი თურქეთის ქართველების ეთნიკური კულტურისა და თვითშეგნების შენარჩუნება–განვითარებაში. ის გახდა მისაბაძი მაგალითი შემდგომი თაობის მკვლევართათვის, რადგან გზამკვლევია თურქეთში მცხოვრები ქართველების სულიერი და მატერიალური კულტურით დაინტერესებულთათვის როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. 

 თამარ მეფის უნივერსიტეტი, რომელიც თურქეთელი ქართველების კულტურისა და ყოფის  შესწავლას, მათთან მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს,  მოხარულია უმასპინძლოს ქალბატონ პროფესორ შუშანა ფუტკარაძეს და სათანადოდ  დააფასოს მისი ამაგი, - აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა.

    ქალბატონმა შუშანამ მადლობა გადაუხდა უნივერსიტეტის რექტორს, დამსწრე საზოგადოებას მოწვევისათვის. “ჩემი მოკრძალებული წვლილი გახდა თქვენი დაფასების ღირსი და ამით ბედნიერი ვარ, რადგან, ჭეშმარიტად თურქეთში ჩვენი სისხლისა და ხორცის  – ჩვენი ქართველების კულტურის შესწავლას არაერთი ათეული წელი შევწირე და ეს ჩემთვის ცხოვრების მიზანი გახდა.” სტუმარმა  ისაუბრა სიმონ ზაზაძის ღვაწლზე და ხაზი გაუსვა სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანის მნიშვნელობაზე, არა მარტო თურქეთის ქართველობისათვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის.

    შეხვედრის დასასრულს, არქიმანდრიტმა ადამმა ქალბატონ შუშანას გადასცა ორმოცი სებასტიელი მოწამის ხატი, დალოცა და უსურვა წარმატებები მის კეთილშობილურ და მამულიშვილურ საქმიანობაში.

Created by Joomla.ge