პოლონელი სასულიერო პირების დელეგაცია უნივერსიტეტში
2016 წლის 6 ოქტომბერს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია პოლონელი სასულიერო პირების დელეგაცია ვოინოვოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრიდან: იღუმენია აგნია (ჩეხა), სამონაზვნე მარტა (გალაშევიჩი) თანმხლებ პირებთან ერთად – შინდისის წმიდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია თამარი და სხვა დედები.
სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებს. მათ დაათვალიერეს წმინდა ღირსმოწამე არქიმანდრიტ გრ. ფერაძის სახელობის კაბინეტი. განსაკუთრებული ინტერესით გაეცნენ საქართველო–პოლონეთის ურთიერთობების ამსახველ ექსპოზიციებსა და უნიკალურ ლიტერატურას.
აღსანიშნავია, რომ წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას პოლონელ კოლეგებთან განსაკუთრებულად კარგი და საქმიანი ურთერთობა აქვს: ვარშავის უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიის მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით 2014 წელს უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი დაჯილდოვდა წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ გაიცემა და მის ლაურიატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისათვის გადაეცემათ, რომლებსაც ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ.