სტუმრად წმიდა ანდრია პირველწოდებულის
სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
2013 წლის 6 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა უნივერსიტეტის რექტორის, არქიმადრიტი ადამის შემოქმედებით საღამო „საქართველოში პოეტებიც შენი ხვედრია“. საღამო ჩატარდა ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით. დამსწრეთა შორის იყვნენ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები, მოძღვარნი და მონაზვნები, ორივე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელნი და პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები, მრევლი, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელნი: ცნობილი პოეტები, მხატვრები, მუსიკათმცოდნენი და სხვ.
პოეზიის საღამო გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. მან ისაუბრა მამა ადამის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ და აღნიშნა: „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი მოძღვრები ინტელექტუალურადაც არიან გამორჩეული და თანამედროვეობითაც, ეს თანამედროვეობა მომდინარეობს ქართული ეროვნული ღირებულებებიდან“.
მამა ადამმა საზოგადოებას წარუდგინა საკუთარი ლექ–სები არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმების ფონზე. ერთმანეთს ენაცვლებოდა პოეზიის, პროზის უბადლო ნიმუშები. მოძღვარმა ასევე წაიკითხა საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი ლექსები.
ყველასათვის საყვარელმა პოეტებმა ემზარ კვიტაიშვილმა და ნატა ვარადამ ისაუბრეს ,,ქრისტეს, სამშობლოსა და ქართული სიტყვის ერთგული ბრძენი კაცის“, მამა ადამის შემოქმედების შესახებ.
კონსერვატორიის პროფესორმა, ქალბატონმა ნესტან მესხმა მამა ადამის ლექსებში გამოკვეთილი პატრიოტული სულის შესახებ ისაუბრა, ხოლო მეუფე დანიელმა აღნიშნა მისი ორიგინალური და მრავალმხრივი პოეტური სამყაროს შესახებ, სადაც ,,მშვენიერება იბადება ღვთისთვის ნალოცი გულიდან და ნატანჯი სულიდან“.
საღამოს დასასრულს ქართული უნივერსიტეტის რექ–ტორმა, ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ საკუთარი წიგნი გადასცა კოლეგას და დასძინა, რომ საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მისთვის, როგორც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და როგორც ღვთისმსახურისათვის ყოველთვის ღიაა კარი.