აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

 შეხვედრები თურქეთში ქართულ დიასპორასთან 

2016 წლის 6–8 მაისს შედგა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის დელეგაციის საქმიანი ვიზიტი სტამბულში საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობისა და ორგანიზების მისიით.  სიმპოზიუმის ფარგლებში   უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი და დელეგაციის სხვა წევრები სტამბოლის “ქართული კულტურის ცენტრში” შეხვდნენ თურქეთის ქართული დიასპორის წევრებს. შეხვედრას დაესწრნენ  ქართული დიასპორის სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ორჰან შარდაღი (ბერიძე), მურატ კასაბი, მუსტაფა იელქენჯი, ჯემ გოქი, აიჰან იშიქი.

არქიმანდრიტმა ადამმა ცენტრის თანათავმჯდომარეს, ქალბატონ სეზენ გონენჩ ოქჯანს საჩუქრად გადასცა უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ეპისტოლეთა წიგნი – საიუბილეო გამოცემა, დაათვალიერა ცენტრში დაცული “ვეფხისტყაოსნის” იშვიათ გამოცემათა კოლექცია, ქართული წიგნების ბიბლიოთეკა.

რექტორმა  ცენტრში შეკრებილ თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო თამარ მეფის უნივერსიტეტის თურქეთის ქართველობასთან დაკავშირებული პროექტები, მიუთითა ოსმალურ არქივებში საქართველოს ეკლესიის შესახებ დაცული მასალების გამოკვლევის, ქართულად თარგმნისა და მეცნიერულად შესწავლის მნიშვნელობის, ამ მიმართულებით თურქ და ქართველ მეცნიერთა ერთობლივი საქმიანობის აუცილებლობის შესახებ.

ქართული დიასპორის ორგანიზაციებსა და თამარ მეფის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს  შორის დაისახა სამეცნიერო და კულტურულ - საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები.

Created by Joomla.ge