მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანიას სიტყვა
საქართველოს საპატრიარქოს
წმიდა თამარ მეფის სახელობის
სასწავლო უნივერსიტეტი
5.12.2012
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ!
ბატონებო და ქალბატონებო!
ქრისტესმიერ საყვარელო შვილებო!
ჩვენ გვაქვს უდიდესი ეროვნული საგანძური, ეს არის ჩვენი წმინდა ეკლესია. ეს არის არა მხოლოდ საგანძური ჩვენი ერისთვის, არამედ ეს არის ღერძი, რომელზედაც არის აგებული ქართველთა იდენტობა, მისი მეობა, მისი ათასწლოვანი ისტორია. მე თვითონ ვარ მოწმე იმისა, რომ ჩვენი ეკლესია ათეისტური რეჟიმის დროს იყო ძალზე მძიმე მდგომარეობაში და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ეკლესიის და თვითონ სამღვდელოების სახელიც და ავტორიტეტიც დაბლა იყო დაცემული ათეისტური რეჟიმის დროს მაშინაც, როცა მე ვიყავი თქვენი ასაკისა, მაგრამ ახლა ვხედავ სრულებით განსხვავებულ სურათს და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის უდიდესი მადლის შედეგი და მისი წყალობა. ჩვენ ვმადლობთ უფალ ღმერთს რომ გვყავს ასეთი დიდებული, გამორჩეული პირველი იერარქი. ჩვენ ორი ათასი წელი არის გვყავს ეკლესიის მეთაურები, კათალიკოსები, პატრიარქები და შეიძლება ვთქვა, როგორც ისტორიკოსმა, რომ მართლაც, დიდი მადლი არის ჩვენზე. იმდენად შეიცვალა სახე, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სამისიონერო ღვაწლი მისი, როგორც იყო მსგავსი წმინდა ნინოსი, როცა მოექცა ქართველი ერი. ჩვენს თვალწინ მოექცა ქართველი ერი და თითქმის ყველა ოჯახი დღეს არის მორწმუნე და ყველა ოჯახს შეიძლება ითქვას, რომ თავიანთ ღირსებად მიაჩნიათ ჩვენი პატრიარქის სახელის ხსენება. მადლობა ამისთვის. მე განსაკუთრებით მინდა დიდი მადლობა მოვახსენო და დავლოცო მამა ადამი. წმინდა მოციქული ბრძანებს ასეთ სიტყვებს, სამოციქულოში არის, ახალ აღთქმაში არის სიტყვები წმინდა მოციქულისა, რომ არ განისჯებიან გულგრილი ადამიანები, არ განისჯებიან ძალზედ გულმხურვალე ადამიანები, არამედ განისჯებიან ნელთბილი ადამიანები, რომლებიც არც ცივები არიან და არც ცხელები, ანუ არიან ძალზედ გულგრილები და ჩვენ ვხედავთ, რომ აი ასეთი გულგრილობის სენი აქვს ჩვენს საზოგადოებას და აი ამ გულგრილობის გამო ჩვენ ძალზედ ბევრს ვკარგავთ. ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ტერიტორიების ნაწილიც კი დავკარგეთ იმიტომ, რომ ხალხში, ჩვენს საზოგადოებაში, თანამედროვეობაში არის გულგრილი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. და აი ამ ფონზე, ჩვენ, წმინდა სინოდი განსაკუთრებით ვმადლობთ მამა ადამს, რომ აი სწორად ის გვიჩვენებს გულმხურვალობის მაგალითს. გულმხურვალე უნდა იყოს საერთოდ მოღვაწე, რა თქმა უნდა, მაგრამ მამა ადამის გულმხურვალება არის ძალზედ საქები იმიტომ, რომ მანაც ბრძანა, რომ ეს არის ამ მოძრაობაში პიონერი, გზამკვლევი. მან შექმნა უნივერსიტეტი, შეიძლება ითქვას, არაფრიდან. ჩვენში ტრადიციაც აღარ არსებობდა და არც არსებობს ამისი და სწორად დიდი გზა გაკვალა მამა ადამმა რისთვისაც ჩვენ მადლობას მოვახსენებთ.
მე ვარ წმინდა სინოდის წევრი 32 წელია. ოთხმოცდაერთ წელში მე ამირჩია მაშინდელმა წმინდა სინოდმა და უწმინდესმა პატრიარქმა მაკურთხა მღვდელმთავრად. ასე რომ 32 წელია ვარ წმინდა სინოდის წევრი და ასე ვთქვათ, როგორც წმინდა სინოდის წარმომადგენელი კიდევ ერთხელ მინდა დავლოცო ძვირფასი მამა ადამი. შევთხოვო, რომ უფრო მეტი და დიდი ძალა მისცეს უფალმა ღმერთმა, რომ ასეთი ახალგაზრდები გაგვიზარდოს, როგორც თქვენი სახით მე ვხედავ ქვეყნიურ ანგელოზებს და მადლობელი ვარ თქვენი ყველასი. ყველას გლოცავთ და ყველას გაკურთხებთ. ასე გააგრძელეთ სწორი გზა, ჭეშმარიტი გზა. მე ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო მოწყალების შესახებ. თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ სულ ახლახანს, ოცი წლის წინ ჩვენში იყო ფაქტიურად სამოქალაქო ომი, როგორც გინდა დაარქვით და ვხედავდით უამრავ ლტოლვილს. თბილისი სავსე იყო ავადმყოფებით. ბავშვებიც კი გამოდიოდნენ და მათხოვრობდნენ. ავადმყოფები შეიძლება ითქვას, რომ გზებზე იყვნენ. ისეთი მდგომარეობა იყო, რომ სწორედ ის თვისება რასაც ჩვენ მაცხოვარი გვასწავლის -მოწყალება, აი ეს არ იყო ჩვენში. იმდენად არ იყო, რომ დედა ტერეზაც ჩამოიყვანეს იმ მომენტში თავისი მონაზვნებით, რომ მოწყალების საქმე აღესრულებინათ და დაზარალებულებისთვის ეპატრონათ. აი ასე გვქონდა დავიწყებული მოწყალების და მოყვასის შეწევნის აუცილებლობა. ანუ ჩვენში სათაკილოდაც კი ითვლებოდა მისვლა ავადმყოფთან, მისი მოვლა. აი დღესაც ავადმყოფის მოვლა მაინცდამაინც არ ითვლება აუცილებლად. სწორედ ამას გვასწავლის ჩვენ ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე. აი მოვედი თქვენთან მშიერი და არ მაჭამეთ, ვიყავი მწყურვალე არ დამალევინეთ, ვიყავი ავადმყოფი - არ მომიარეთ. აი სწორად ეს არის მოწყალების საქმე და გლოცავთ თქვენ, რომ ეს აირჩიეთ – თქვენთვის მართლაც ახალი საქმე ამ ეტაპზე.
ისტორიულად ჩვენ გვაქვს წმინდანების ცხოვრება, მათ შორის ერთ-ერთს ვიტყვი: ცნობილი საეკლესიო მოღვაწე იყო პეტრე იბერი და მის ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ მისი დედა ძალზედ მდიდარი მეფის ოჯახიდან იყო და ძაძებით იმოსებოდა და ავადმყოფებს უვლიდა. ასევე იყო წმინდა ნინოს დედაც და მამაც. მამა წავიდა უდაბნოში და წმინდა ნინოს დედა კი უვლიდა იერუსალიმში აი ასეთ ავადმყოფ ხალხს. აი ეს მიაჩნდა თავის ღირსებად. ქონდათ დიდი ქონება, თქვენ გახსოვთ წმინდა ნინოს ცხოვრებაში არის, მის მამას, რომელიც მხედარმთავარი იყო, იმპერატორმა მისცა დიდი ქონება. ეს ქონება დაურიგეს გლახაკებს და თვითონ წავიდნენ გალახაკების მოსავლელად. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის სულის ცხონება. ეს არის წუთისოფელი, იგი დროებითია და უფალმა იმისთვის მოგვცა, რომ ჩვენ საუკუნო სასუფეველი დავიმკვიდროთ. სასუფეველს დაიმკვიდრებს ის, ვინც ასრულებს მოწყალების საქმეს და კიდევ ერთხელ მე მადლობელი ვარ, რომ თქვენ ეს საქმე გამოურჩიეთ ამ ახალგაზრდებს. ძალზედ სწორი გზა არის, ძალზედ დიდი გზა არის. დიდი მადლობა.
ახლა რაც შეეხება ისტორიას.. ეს ძალზედ საჭირო არის. აი თურქეთიც ახსენეთ. ცოტა ხნის წინ ჩვენთან ჩამოსულნი იყვნენ ისეთი გულმხურვალე პატრიოტები, როგორც თქვენ ბრძანეთ - გავოცდი. მე თვითონ ვიყავი თურქეთში და ისეთი სიყვარული გამოამჟღავნეს იქაურებმა, საოცარი სიყვარული. ართვინში აი ასეთი შემოსილი ვიყავი. მუსულმანი ბიჭები მოდიოდნენ და მეხუტებოდნენ და მე ვუთხარი: ნეტა ჩემ ნათესავებს ასე ვუყვარდე, როგორც ახლა თქვენ გამოამჟღავნეთ ჩემს მიმართ სიყვარულითქო. დიდი სიყვარულია იქით, მაგრამ აქედან ცოტა სიცივეა და ამისთვისაც მადლობელი ვარ თქვენი, დიდი სიცივეა აქედან. ასეთი შემოსილი ვიყავი სტამბულში და იქაური ადგილობრივი მილიონერი ქართველი, რომელსაც ის სასტუმრო ეკუთვნოდა მოდიოდა და საგანგებოდ მივყავდი სადილებზე. ყოველდღე მოდიოდა და კარებზე მიკაკუნებდა. ჩვენთან რომ ჩამოვიდეს ვთქვათ ასეთი იქაური კაცი და თქვას მე ქართველი ვარ, გურჯი ვარ, ჩვენ მაინცდამაინც არა გვაქვს ასეთი სიყვარული.. ანუ ჩვენ უნდა ვეძიოთ იქ ეს სიყვარული, ჩვენი ხალხი. ეს ძალზედ კარგი საქმეა.
ჩვენთან არის დღეს სტუმრად ხელმძღვანელი პოლიტექნიკური უნივერსიტეტისა - ბატონი ვანო. ის არის პროფესორი. მისი ოჯახი არის ფუძემდებელი პოლიტექნიკური უნივერსიტეტისა, ივერი ფრანგიშვილის უშუალო მეგობარი და ბატონი ვანო ალბათ დამეთანხმება, რომ თუ ჩვენ შევქმნით კავშირს ჩვენს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თქვენს შორის, თუნდაც აი, ამ ერთ საკითხში და ვითანამშრომლებთ თურქეთის ქართველობის საკითხში, რათა, ასე ვთქვათ, ჩვენ გაუწიოთ კურირება და ისინი მოვაბრუნოთ ქათველებისკენ, ეს ძალზედ კარგი იქნება. ასევე ისტორიაშიც ერთ-ორ სიტყვას მოგახსენებთ. კარგი არის რომ ისტორიისთვის თქვენ გაქვთ საგანგებოდ გამოყოფილი საათები და ლექციებს უთმობთ მას. ისტორია კარგად უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ძალიან დავზარალდით ათეისტური რეჟიმის დროს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, გისურვებთ დიდ წარმატებებს.