აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

უნივერსიტეტში აჰმედ მელაშვილის სახელობის კაბინეტი გაიხსნა

     2013 წლის 4 ივნისს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში აჰმედ ოზქან მელაშვილის კაბინეტი გაიხსნა.

     ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი; ქოჯაელის ქართულ–კავკასიური და სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრების (თურქეთის რესპუბლიკა) წარმოგზავნილნი; საქართველოსა და თურქეთის სამეცნიერო საზოგადოების წარმომდგნელები და საპატიო სტუმრები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები.

     უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა მოიგონა აჰმედ მელაშვილი, საზოგადოებას მოუთხრო მისი ღვაწლისა და მოღვაწეობის შესახებ და ისაუბრა ამ დიდი თურქეთელი ქართველის სახელობის კაბინეტის მნიშვნელობაზე ახალგაზრდების აღზრდის და ზოგადად, საზოგადოებაში აჰმედ მელაშვილის სახელის პოპულარიზაციის საქმისათვის. მან აღნიშნა, რომ გარდა სტუდენტთათვის სწავლებისა, ამიერიდან აჰმედ მელაშვილის კაბინეტის კარი ღიად იქნება ყველა ღონისძიებისა და შეხვედრისათვის, რომელიც საქართველო–თურქეთის კულტურული ურთიერთობების გაუმჯობესებასა და გამყარებას ემსახურება.

     აჰმედი მოიგონეს და საკითხის აქტუალობა აღნიშნეს პოეტმა ემზარ კვიტაიშვილმა, ბატონმა მირიან ხოსიტაშვილმა, თურქეთელმა ქართველებმა და ღონისძიების საპატიო სტუმრებმა: გიორგი ირემაძემ, აიჰან იშიკმა, გალიფ აიდინმა (გიორგი ქარცივაძე), ორჰან იავუზმა, აბდურაჰმან სეჩკინმა. მათ მადლობა გადაუხადეს ამ იდეისათვის ღონისძიების ორგანიზატორებს და იმედი გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობისა.

     აჰმედ ოზქან მელაშვილის კაბინეტის გახსნა საერთა–შორისო სამეცნიერო კონფერენციის ცენტრალური ღონისძიება გახლდათ. იგი 3–4 ივნისს გაიმართა თემით: „თურქეთელი ქართველები – ერთიანი ქართული კულტურის მემკვიდრენი“ და მიეძღვნა ისტორიული ტაო–კლარჯეთის ერთ–ერთი მხარის, იმერხევის, ტრადიციული ყოფისა და კულტურის შესახებ სამეცნიერო კვლევებს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების წამყვანი მეცნიერები.

     კონფერენცია გაიმართა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის – „თურქეთის ქართველები: ისტორია, სულიერი და მატერიალური კულტურა, ენობრივი ვითარება“ – ფარგლებში. ამავე ფორმატში 2012 წლის 21–24 ივნისს გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და ღონისძიებათა ციკლი, რომელიც მიეძღვნა აჰმედ ოზქან მელაშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს.

Created by Joomla.ge