მეექვსე საერთაშორისო ბიოეთიკური სიმპოზიუმის მეორე სესია
4 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის მეშვიდე აუდიტორიაში მუშაობა გააგრძელა მეექვსე საერთაშორისო ბიოეთიკური სიმპოზიუმმა თემაზე „დედობა: სოციალური, ეთიკური, სამედიცინო, ბიოლოგიური, სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და კულტურული ასპექტები“.
სიმპოზიუმის მეორე დღე გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ. რექტორი მიესალმა საპატიო სტუმრებს, დამსწრე საზოგადოებას და შეაჯამა სიმპოზიუმის პირველი დღის მუშაობა. ამის შემდეგ მამა ადამმა საზოგადოებას წარუდგინა მონსენიორი ლივიო მელინა – რომის პაპის იოანე–პავლე მეორის სახელობის ცოლქმრობისა და ოჯახის შემსწავლელი ინსტიტუტის პრეზიდენტი, თეოლოგიისა და ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, რამდენიმე სამეცნიერო და თეოლოგიური აკადემიის წევრი.
უცხოელმა მეცნიერმა განავრცო სიმპოზიუმის პირველ დღეს წარმოდგენილი მოხსენება, რომლის თემა გახლდათ ადამიანის შვილოსნობა – თეოლოგიური რეფლექსია . მან ვრცლად ისაუბრა მშობლობის, ცოლქმრობისა და პროკრეაციის ბიოეთიკურ, ტრისტიანულ–ზნეობრივ და ფილოსოფიურ–ეთიკურ ასპექტებზე.
სამეცნიერო ფორუმის დასკვნითი ნაწილი გაფართოებულ დისკუსიას დაეთმო. მონსენიორმა ლივიო მელინამ ამომწურავად უპასუხეს დასმულ შეკითხვებს, რომელიც ძირითადად შეეხებოდა კათოლიკური ეკლესიის პოზიციას ხელოვნური რეპროდუქციული ტექნოლოგიების შესახებ.
წლევანდელი საერთაშორისო ბიოეთიკური თბილისური სიმპოზიუმი რიგით მეექვსეა. წინამორბედი სამეცნიერო ფორუმები, რომელთა ორგანიზატორებიც, აგრეთვე, ტრადიციულად გახლდნენ საქართველოს საპატრიარქო და კათოლიკური ეკლესიის ადმინისტრაცია ამიერკავკასიაში, მიეძღვნა აბორტის, ევთანაზიის, ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიების, სუროგატული დედობის, თანდაყოლილი დაავადებების, ოჯახისა და სხვა აქტუალურ ბიოეთიკურ პრობლემებს.