თამარ მეფის უნივერსიტეტის ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სტუდია 7 წლისაა
შვიდი წლის წინ, 2014 წლის 31 იანვარს – წმიდა დიდი კეთილმსახური მეფე თამარის ხსენებისა და ესმა ონიანის გარდაცვალების საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტმა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, თანამედროვეობის ერთ–ერთი უდიდესი მხატვრისა და პოეტის ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სტუდიის დაფუძნებით აღნიშნა.
აქ, ამ სტუდიაში სტუდენტებთან უნიკალური და ორიგინალური სასწავლო პროგრამებით მუშაობენ, რათა თითოეულ სტუდენტს განვუვითაროთ შემოქმედებითი შესაძლებლობები, ვასწავლოთ თვითგამოხატვა, შინაგანი სამყაროს გამომჟღავნება ხატვის, ძერწვისა და ხელოვნების სხვა დარგების საშუალებით.
სტუდიაში გაკვეთილებზე სტუდენტები სწავლობენ შემოქმედებით აზროვნებას, ყველაზე მოულოდნელი პრობლემის გადაჭრას, ხელოვნების სამყაროში თავისუფლად ორიენტირებას, უახლოვდებიან და ითავისებენ მარადიულ ფასეულობებს. ისინი მხატვარ დავით თოთიბაძის ხელმძღვანელობით ეუფლებიან ოსტატობას და პირველ ნაბიჯებს დგამენ ხელოვნების უკიდეგანო სამყაროში.
ჩვენს სტუდიაში სწავლისთვის ვიწვევთ არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს, არამედ სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებსაც, ყველა ასაკის ადამიანს, რომელთაც სურთ გრძნობებისა და აზრების ქაღალდზე გამოხატვით გამოავლინონ შინაგანი პოტენციალი; ესაუბრონ სამყაროს ვიზუალური საშუალებების მეოხებით, ფერწერის სხვადასხვა ტექნიკისა და მასალების გამოყენებით. აქ სტუდენტები იძენენ საჭირო უნარებს ნახატის ან სკულპტურული ნამუშევრის შესაქმნელად, სწავლობენ ხელოვნების ნიმუშების გაგებას, ინტერპრეტაციასა და შეფასებას.
გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ დაეუფლებით რა სამხატვრო ხელოვნების უძრითდეს უნარ-ჩვევებს სტუდიაში, შეგიძლიათ დამოუკიდებლად იმუშავოთ გამოყენებითი ხელოვნების სფეროში და შეძენილი პროფესიის წყალობით გაიჩინოთ დამატებითი შემოსავლის წყარო, რაც ასე მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისა და სხვა მოქალაქეებისათვის. ეს კი ჩვენი უნივერსიტეტის სოციალური მისიის განხორციელების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.
სწავლის პროცესის თანამდევი აქტივობებია ცნობილ მხატვართა გამოფენებზე და ვერნისაჟებზე დასწრება, ასევე გამოფენების ორგანიზება, სადაც ჩვენი სტუდენტები გამოფენენ საკუთარ ნამუშევრებს.
ამჟამად მეცადინეობების უმეტესი ნაწილი ტარდება ონლაინ რეჟიმში.