ერთი სტროფის თარგმნა გავბედე, რომელიც ვალენტინ ნიკიტინის ეპიტაფიად გამოდგება:
не плакаться а плакать и беззвучно
поводья слёз упущены уже
и скачет смерть; за мною неужель?
наездница! – с ней встреча неминуча
ნუ დაიჩივლებ სჯობს იტირო და ისიც უხმოდ
ვერ დავუკავე გვიანია ცრემლებს სადავე
ჩემი გულისთვის მოჭენაობს სიკვდილი ნუთუ?!
ამხედრებულა! – გაეცლები მაგრამ სადამდე
დღეს ქობულეთიდან შეგვატყობინეს, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურისმცოდნე, კულტურის მკვლევარი, პუბლიცისტი, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში დაბადებული (1947 წლის 2 მარტს) და მისი დიდი გულშემატკივარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ჩვენი დიდი მეგობარი ბატონი ვალენტინ ნიკიტინი.
ორი დღის წინ იგი სტუმრობდა ჩვენს უნივერსიტეტსა და თამარწმინდას.
3 ოქტომბრის 04 სთ 52 წუთზე ვალენტინ ნიკიტინმა მომწერა თურმე ბოლო ელექტრონული გზავნილი. მანამდე ორჯერ გადავუგზავნე ის მასალები, რაზეც ვისაუბრეთ, რასაც დავპირდი და სპეციალურად დავწერე...
დავკარგეთ არაჩვეულებრივი მოაზროვნე, დიდი პიროვნება და მეგობარი. დაგვრჩა აუწონავი და გაუზომავი ტკივილი და სევდა.
ერთი ხანი ჟურნალში „Наука и религия» („მეცნიერება და რელიგია“) ვალენტინ ნიკიტინს მიჰყავდა რუბრიკა „Человек перед лицом смерти и бессмертия» („ადამიანი სიკვდილისა და უკვდავების პირისპირ“). მას ჰქონდა გამოხატული ინტერესი ქრისტიანული ანთროპოლოგიური პრობლემების მიმართ, მიისწრაფოდა ადამიანის (პიროვნების), მისი სიკვდილისა და უკვდავების საიდუმლოს გააზრებისაკენ მათ შორის მსოფლიო რელიგიების, რელიგიურ-ფილოსოფიურ და მისტიკურ სწავლებათა კონტექსტში.
მის მაღალპოეტურ ლექსებში დარჩა შემოქმედის იმისთანა ხმა, რომელიც არავის ხმაში არ აგერევა!
მისი მაღალპოეტური ლექსები დარჩა, როგორც დიდი პოეზიის დღევანდელი ხმა მარადისობაში!
მამა ადამი