მრგვალი მაგიდა: ქართულ–აფხაზური კონფლიქტის
მოგვარების პერსპექტივები
29 ნოემბერს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის მეშვიდე აუდიტორიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: საქართველო–რუსეთის ომი (1992–1993წწ) და ქართულ–აფხაზური კონფლიქტი. ღონიძიებაზე მოწვეულნი იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები.
მრგვალი მაგიდა მიჰყავდა უნივერსიტეტის რექტორს, არქიმანდრიტ ადამს. მან ვრცლად მიმოიხილა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გარშემო დღეს არსებული მდგომარეობა და კონფლიქტის დაძლევაში არასამთავრობო სექტორის, სახალხო დიპლომატიის, სამოქალაქო აქტივობების მნიშვნელობა. მამა ადამმა ისაუბრა საზოგადოებრივ ცნობიერებაში „აფხაზეთის თემის“ მყარად დამკვიდრებისა და ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად გადაქცევისათვის აუცილებელ მიდგომებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობასთან ჰუმანიტარული კავშირების შენარჩუნებისა და განვითარების აუცილებლობაზე.
მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ. კონფლიქტის დაძლევის საკითხზე მოხსენებებით წარსდგნენ პოლიტოლოგები: ალექსანდრე რუსეცკი, გოჩა გვარამია, დაზმირ ჯოჯუა; პროფესორები: ბეჟან ხორავა და ზაზა წურწუმია.
მრგვალი მაგიდის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ყველა მონაწილეს მიეცა საშუალება დაეფიქსირებინა საკუთარი შეხედულება კონფლიქტის დაძლევისა და აფხაზურ საზოგადოებასთან დიალოგის განვითარების შესახებ.
დასასრულ არქიმანდრიტმა ადამმა დალოცა ღონისძიების მონაწილენი, მადლობა გადაუხადა სტუმრებს და აღნიშნა, რომ სწორედ სამეცნიერო წრეებში მიმდინარე მსჯელობები არის აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის და დევნილი მოსახლეობის დაბრუნების, ქართველთა და აფხაზთა მომავალი მშვიდობიანი თანაცხოვრების ჭეშმარიტი გზამკვლევი.