ახალი მონოგრაფია რუმინულ ენაზე
აკადემიური სერიის Studia Academica მეშვიდე ტომად რამნიკუს არქიეპისკოპიის (რუმინეთი) გამომცემლობა Praxis-მა გამოსცა წიგნი: „წმინდა ანთიმოზ ივერიელი – ევროპული და კავკასიური კულტურა და სულიერება მე-17 საუკუნის ბოლოსა და მე-18 საუკუნის დასაწყისში“. გამოცემის კოორდინატორები და შემდგენელ-რედაქტორები არიან: პროფესორი დეკანოზი ნიკოლაოს დურა, დოქტორი კატალინა მიტიტელუ და დოქტორი მამა შტეფან ზარა.
წიგნის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ამ კოლექტიურ მონოგრაფიაში თავი მოვუყარეთ ნაშრომებს, რომლებიც შექმნილია წმიდა ანთიმოზ ივერიელის მეოხებითა და პატრონობით და შთაგონებულია ქართული კულტურითა და სულიერებით.
ამისათვის ჩვენ მოგვიხდა, მოსამზადებელ სამუშაოში ჩაგვერთო არა მარტო რუმინული კულტურის, არამედ საზღვარგარეთის არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი, მეცნიერი და მოღვაწე, რომელთა შორის გვსურს აღვნიშნოთ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი არქიმანდრიტი ადამ ვახტანგ ახალაძე, პროფესორი პიოტრ კროჩეკი (პოლონეთი, კრაკოვი), სკოპიეს (მაკედონია) წმინდა კლემენტ ოქრიდელის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორი პანჩე კიოსევი და სხვები.
ამ ტომში წარმოდგენილია ჩვენს მიერ თავმოყრილი აკადემიური მასალის მხოლოდ ერთი ნაწილი.