აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

„სიძველისადმი გრძნობა, პატივი“, ანუ ჩვენი კულტურული მეხსიერება

თამარ მეფის უნივერსიტეტის ლიტერატურულ სალონ „მირკანში“ მორიგი შეხვედრა გაიმართა – „სიძველისადმი გრძნობა, პატივი, ანუ ჩვენი კულტურული მეხსიერება“. საღამო შესავალი სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გია  სულაბერიძემ. დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი სამშობლოსათვის თავდადებული მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.

     

ერთხელ კიდევ ითქვა, რომ ლიტერატურულ სალონს თავისი მისია აქვს, რომ „მარტის თვე იწურება და როგორ არ შევკრებილიყავით ჩვენს სალონში! მას ხომ "მირკანი" ანუ მარტის თვე ჰქვია!“ ისიც ითქვა, რომ „თან გაზაფხულია და კი, მართალია, დიდმარხვობაა, მაგრამ გული უკვე ხომ მაინც აღდგომის სიხარულის სიახლოვით ტოკავს, სცემს და იხარის! მაგრამ გულს სტკივა კიდეც: სტკივა წარსული, ძლივს ეიმედება მომავალი, წუხს კულტურულ მემკვიდრეობას რომ ვერ ვუფრთხილდებით, ფიროსმანის ერთი ვეებერთელა მუზეუმი რომ არ გვაქვს საქართველოში, ცამდე აწვდენილი და კიდევ შოთასი, ჩვენი რუსთაველის; ვერ ისვენებს, ჩვენი კულტურული და ეროვნული ყოფიერების, მეხსიერებისა და იდენტობის ფესვებს სიღრმეებში რომ არ ჩავყვებით ხოლმე, მომავლის რომ არ გვეშინია – უმეხსიერებო, უსაგანძურო, უფოლიანტო, უტრადიციებო, უმშობლიურჰანგო, უსიყვარულო მომავლისა!“

ლიტერატურულმა სალონმა იმაზე იმსჯელა, „თუ რას ეფუძნება, რა ემუქრება, როგორ შეიძლება დავკარგოთ კულტურული მეხსიერება და რანი ვიქნებით ჩვენ მის გარეშე! გვექნება კი მეხსიერებადაკარგულთ მომავალი?

ერის კოლექტიური მეხსიერება შეიცავს თითოეული ჩვენთაგანის ანუ ინდივიდუალურ მეხსიერებებსაც; ამასთან ის ყოველთვის  განსხვავდება ამ  მეხსიერებებისაგან და საკუთარი წესებით ყალიბდება. მეტიც - გახსენების/მოგონების დროს ჩვენ წარსულის ხატებს აღვიდგენთ არა ისე, როგორც ისინი თავის დროზე იყო აღქმული, არამედ ჩვენი აწმყო მდგომარეობის შესაბამისად. ჩვენ ჩართული ვართ მოვლენებში, როგორც ინდივიდები, მაგრამ ჩვენი მეხსიერება მაინც რჩება კოლექტიურად, რადგან ჩვენ ყოველთვის ვაზროვნებთ, როგორც ჯგუფის წევრები. ჩვენი იდეები ჩნდება ჯგუფის ფარგლებში და ჩვენი აზროვნება გვაკავშირებს ამ ჯგუფთან/სოციუმთან.

         
  
   
  

სამეცნიერო დისკუსიაში მონაწილეობდნენ: თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე („სიტყვა კულტურულ მეხსირებაზე“; „ნოდარ წულეისკირის გაკვეთილი მეხსიერების კვლევებში: „დავით აღმშენებლის ქვა“), შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი ნათია სიხარულიძე („ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ – გალაკტიონის კულტურული მეხსიერება“), ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი მარინა ცინცაბაძე („ქართველთა კულტურული მემკვიდრეობა და ახალგაზრდობის აღზრდა“), ხელოვნების მუზეუმის საგანძურის მცველი, ხელოვნებისმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ელენე კავლელიშვილი („ერის საგანძური. წარსული, აწმყო, მომავალი“), სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი მარინა ტურავა („ჩენი ჰაგიოგრაფია, როგორც ლიტერატურის ძეგლები“), კინორეჟისორი თამარ დულარიძე („კინომეხსირება –ოთარ იოსელიანის „პეპლებზე ნადირობა“), დინარა კასრაძე („გენეტიკური მეხსიერება – რა პერსპექტივა გვაქვს“).

სიტყვა წარმოთქვეს ასევე პოეტმა ემზარ კვიტაშვილმა და აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მსახიობები ვახტანგ ახალაძე და მაკა შალიკაშვილი. საბოლოო სიტყვა წარმოთქვა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ („რა ემუქრება ჩვენს კულტურულ მეხსიერებას? – 2011 წლის ცუნამი იაპონიაში და რეი ბრედბერის „ღიმილი“).

Created by Joomla.ge