აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

„ნუ გეშინიათ: გაიღეთ ყველაფერი, სულ ყველაფერი
და აჩუქეთ პატარებს – ჩვენს შვილებს მთელი სამყარო!!!“ 
ბათუმში, მშობლიურ სკოლაში

28 ოქტომბერს უნივერსიტეტის რექტორი ბათუმის 23-ე საშუალო  (ამჟამად აკაკი წერეთლის სახელობის მე-11 საჯარო) სკოლას ეწვია მესამე „ა“ კლასის მოსწავლეების მიწვევით. პატარებმა მამა ადამის ლექსები ზეპირად დაისწავლეს და თავიანთი პედაგოგის ქალბატონ გულიკო მჟავანაძის ხელმძღვანელობით ლიტერატურული მონტაჟის სახითაც წარმოადგინეს. ღონისძიების ბოლოს ბავშვებს მიესალმა, მიეფერა და მიესიყვარულა მამა ადამი: 

„უპირველეს ყოვლისა იმას ვიტყვი, რომ, დღეს საოცრად შემეშინდა; შემეშინდა იმისი, რომ იქნებ რაიმე მიზეზის გამო ვერ მოვსულიყავი აქ, ვერ დამენახა ეს ანთებული თვალები, გაბრწყინებული სახეები, აჩქარებულ-აძგერებული უმანკო გულები და მაშინ რა მეშველებოდა?! აკი ჩვენ ყველანი, უფროსები ვალში ვართ პატარების წინაშე და რამდენი სიყვარულიც არ უნდა ვაჩუქოთ, რამდენი სითბოც, რამდენი ალერსიც, ეს მაინც იმაზე ცოტა იქნება, ვიდრე ისინი იმსახურებენ! ნუ შეგეშინდებათ – გაიღეთ ყველაფერი, სულ ყველაფერი და აჩუქეთ პატარებს – ჩვენს შვილებს მთელი სამყარო!!!“ 

აი, ისინიც – მამა ადამის არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი მასპინძლები – ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის მე–11 საჯარო სკოლის IIIა კლასის მოსწავლეები:

ბექა არაბული, ირაკლი ადაძე, ლიზი აბშილავა, ანა ბერიძე, დიმა ბრუნჯიძე, გიორგი გელაძე, მარიამ გოგიტიძე, ანა დავითაძე, ნატალია დუმბაძე, ანა ივანაძე, ლინდა რუსიეშვილი, ელიზა სამუილოვა, თიკო შავაძე, საბა შარაშიძე, ანა შარაშიძე, ნიკოლოზ ფერაძე, ვახტანგ ცუცქირიძე, ნია ცხვიტავა, სალომე ჯაგოშვილი, ვახტანგ ხაჭიპერაძე,  ნინი ჯაფარიძე.

მამა ადამის ლექსები წაიკითხეს უფროსკლასელებმაც – ანანო აბულაძემ, ნინო გოგიტიძემ, ლიკა დუმბაძემ, აგრეთვე ქალბატონმა გულიკო მჟავანაძემ და მსახიობმა ვახტანგ ახალაძემ.

სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი მანანა მიქელაძე.

მამა ადამმა მადლობა გადაუხადა მშობლიურ სკოლას, პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, ხოლო სკოლის ბიბლიოთეკას თავისი წიგნი „მე რომ ახლა ხელი შემახოს აწმყომ“. მანვე გააჟღერა ინიციატივა, გაფორმდეს მემორანდუმი სკოლასა და თამარ მეფის უნივერსიტეტს შორის, რომლის საფუძველზე ამ სკოლის კურსდამთავრებულებს მიეცემათ უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და სწავლის ექსკლუზიური უფლებები და შეღავათები. უნივერსიტეტი თავისი ინტელექტუალური რესურსებით სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებაშიც. დასასრულ მამა ადამმა სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები თბილისში, უნივერსიტეტში სტუმრად მოიპატიჟა. 

Created by Joomla.ge