საერთაშორისო ექსპერტ ეკოლოგთა ვიზიტი უნივერსიტეტში
2016 წლის 28 ივნისს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია საერთაშორისო ექსპერტები ეკოლოგიის დარგში: პროფესორი დომინიკ სოპარტი ( NABU, გერმანია); პროფესორი ალექსანდრე ბოკოტეი (ეკოლოგია–რელიგიის ინსტიტუტი, უკრაინის კათოლიკური ეკლესიის მიგრაციის, ტურიზმისა და ეკოლოგიის კომისია); პროფესორი გიორგი ქაჯაია (ბიოლ. მეცნიერებათა დოქტორი – ილიას სახ. უნივერსიტეტი).
მეცნიერთა ჯგუფი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, არქიმანდრიტ ადამსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. შეხვედრა საქმიანი ფორმატით წარიმართა. კოლეგებმა ისაუბრეს ეკოლოგიის პრობლემებზე, ამიერკავკასიის მასშტაბით მიმდინარე კვლევებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე. სტუმრები დაინტერესენენ უნივერსიტეტში ამ მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო სამუშაოებითა და სამომავლო ღონისძიებებით.
არქიმანდრიტმა ადამმა ისაუბრა ეკლესიის როლზე გლობალური ეკოლოგიური პრობლემების პრევენციის სფეროში, უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ–მასწავლებელთა სამოქალაქო ჩართულობაზე და როლზე ინფორმირებულობის დარგში, მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე.
დიალოგი ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმების შეთანხმებით დასრულდა.
ფონდი NABU 1899 წელს დაარსდა და გერმანიის მთავრობის მიერ ფინანსდება. პრიორიტეტები: ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, კლიმატის დაცვა. სათაო ოფისი განთავსებულია ბერლინში, შვილობილი ასოციაციები მსოფლიოს ყველა რეგიონში, მათ შორის ამიერკავკასიაშიც.