„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბატონო პერეს!“
შიმონ პერესის სახელობის აუდიტორია თამარ მეფის უნივერსიტეტში
27 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა თანამედროვეობის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის, პოლიტიკოსის, ისრაელის მეცხრე პრეზიდენტის, ნობელის პრემიის ლაურეატის შიმონ პერესის სახელობის აუდიტორია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, თბილისის დიდი სინაგოგის რაბინები, ქართულ-ებრაული თემის წევრები, მწერლები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მეცნიერები და სხვა საპატიო სტუმრები.
აუდიტორია გახსნეს უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამმა და ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურმა.
მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა განაცხადა:
–შიმონ პერესის სახელობის აუდიტორია გახდება არა მხოლოდ სტუდენტთა სწავლა-განათლების კიდევ ერთი კერა, არამედ ქართულ-ებრაული ურთიერთობების მკვლევართა და კულტურის მოღვაწეთა შეხვედრების, საღამოების, მრგვალი მაგიდების, ლექციების, შემოქმედებითი საღამოების, სამეცნიერო კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების არა მხოლოდ ლოკალური, არამედ საერთაშორისო სივრცე... ამ აუდიტორიის დაარსებით ჩვენ მთელი მსოფლიოს გასაგონად ვამბობთ: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, ბატონო შიმონ პერეს, თქვენი სწორუპოვარი თავდაუზოგავი მოღვაწეობით, პატრიოტიზმითა და კაცთმოყვარებით.“
სიტყვა წარმოსთქვა ბატონმა ელჩმა:
–„შიმონ პერესი ცნობილი იყო არა მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოში, ის ცნობილი გახლდათ მთელს მსოფლიოში. ეს ჩვენ კარგად დავინახეთ მისი დაკრძალვის დღეს, ვნახეთ, როგორ დააფასა იგი მსოფლიოს ყველა ლიდერმა. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ კავშირი, ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის მჭიდროა და კვლავ გრძელდება. ამ წინგადადგმული ნაბიჯისთვის დიდ მადლობას ვუხდი თამარ მეფის უნივერსიტეტსა და პირადად უნივერსიტეტის რექტორს, არქიმანდრიტ ადამს".
დამსრეთ მიესალმა აგრეთვე ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარე ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი. თავის სიტყვაში მან განაცხადა: „დღეს განსაკუთრებით მიხარია და ვამაყობ იმით, რომ მე ქართველი ვარ“.
აუდიტორიის გახსნის ცერემონიალის შემდეგ უნივერსიტეტში გაიმართა შიმონ პერესის ხსოვნისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა: „შიმონ პერესი. გზა მომავლისკენ.“