აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

წარდგენა კრებულისა „სვანეთის ისტორიის ფურცლები“ 


    2011 წლის 24 ნოემბერს გაიმართა წარდგენა სამეცნიერო–პოპულარული კრებულისა „სვანეთის ისტორიის ფურცლები“. კრებული გამოიცა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსის მეუფე ილარიონის (ქიტიაშვილი) ლოცვა–კურთხევით. კრებული მომზადდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში. გამოცემა ფინანსურად უზრუნველყო ბატონმა ჯოყოლა ჩეგიანმა.

    კრებულში წარმოდგენილია სვანეთის – საქართველოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ–ეთნოგრაფიული მხარის – ისტორიისა და ტრადიციული კულტურის ამსახველი ნაშრომები. მოცემულია სვანეთის ზოგადი ისტორიულ–ეთნოგრაფიული მიმოხილვა, სვანეთის ეპიგრაფიკული ძეგლების წყაროთმცოდნეობითი ანალიზი, სვანეთის კედლის მხატვრობის ნიმუშების ისტორიული და ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევა, სვანეთის ეთნოგრაფიული და დიალექტოლოგიური მასალის ახლებური ანალიზი და სხვ. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა კრებულში წარმოდგენილი პუბლიკაცია საქართველოს ისტორიის ერთ–ერთი საგმირო ეპიზოდის – ხალდეს აჯანყების შესახებ. გამოვლენილია სვანეთის ერთ–ერთი ფეოდალური საგვარეულოს ჩეგიანების (რუჩეგიანების) ისტორია; შესრულდა ხელახალი გამოცემები სვანეთის საისტორიო დოკუმენტების ერთი ნაწილისა (სვანეთის სულთა პირველი და მეორე მატიანეები, სვანეთის საეკლესიო კრებათა მატიანეები) და ცნობილი ეთნოგრაფის ლ. ბოჭორიშვილის ნაშრომისა – „ოქრომჭედლობა სვანეთში“.

news 24.11.2011 (3)

    კრებულში შეტანილია სვანეთისადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედების რამდენიმე ნიმუში, რომელთა შორისაც,  სამწუხარო გაუგებრობის შედეგად ერთი ცნობილი ლექსის ავტორად შეცდომით სხვა გვარია მითითებული, ლექსის ავტორი კი გახლავთ სასიქადულო მოღვაწე აკაკი გელოვანი. ამ გაუგებრობის გამო სარედაქციო კოლეგია პატიებას სთხოვს აკაკი გელოვანის ნათელ სულს და მისი ოჯახის წევრებს.

  news 24.11.2011 (2)  news 24.11.2011 (1) 

    კრებულის წარდგენას დიდძალი საზოგადოება დაესწრო. აქ იყვნენ სამეცნიერო წრეებისა და ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. ღონისძიებას უძღვებოდა პოეტი ერეკლე საღლიანი. სიტყვით გამოვიდნენ პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი, პროფესორი ნოდარ შოშიტაშვილი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი, ბატონი აკაკი გასვიანი, ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი, ბატონი გელა ქოქიაშვილი და სხვები. გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს კრებულის გამოცემა და ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას ქართული სამეცნიერო აზრის განვითარებისათვის.

 

Created by Joomla.ge