აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე-90
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2016 წლის 23 მარტს გაიმართა გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის დაბადებიდან 90 წლისთვისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, სადაც გამოჩენილ სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად მიწვეულნი იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერისიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელნი.
საზეიმო ღონისძიება გახსნა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ; ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი - "ეთერ ქემერტელიძე";
საიუბილეო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე).
არქიმანდრიტმა ადამმა, პირველ ყოვლისა, ქალბატონ ეთერს იუბილე მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის სახელით და თავად წაუკითხა იმ ადამიანის სიტყვები, „რომელსაც სიყვარულში ვერავინ შეედრება“: ვულოცავთ ‘’ჩვენი ქვეყნის დიდებულ პიროვნებას, გამორჩეულს სულიერებით, სიბრძნითა და ეროვნულობით“ – ბრძანებს უწმინდესი.
„აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის იუბილე ნამდვილად არის სახელმწიფო მნიშვნელობის მოვლენა, ქალბატონი ეთერის ცხოვრება არის მეცნიერების სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარების ისტორია. ეკლესიამ აღნიშნა ქალბატონი ეთერის დიდი ღვაწლი და იგი დაჯილდოებულია საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენით“ – ბრძანა მამა ადამმა. მან კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულითა და პატივმიგებით მიულოცა იუბილარს საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტისა და თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის სახელით და უსურვა ხანგლძივი სიცოცხლე და კვლავაც ნაყოფიერი სამეცნიერო მოღაწეობა.