ბიოეთიკური ფორუმი კიევში
23–25 სექტემბერს კიევში გაიმართა მე–5 ეროვნული კონგრესი ბიოეთიკაში საერთაშორისო მონაწილეობით. კონგრესის ორგანიზატორები გახლდნენ: უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ჯანდაცვის სამინისტრო და ბიოეთიკის საინფორმაციო ცენტრი.
ტრადიციულად კონგრესში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე).
ფორუმის მუშაობის პირველ დღეს მამა ადამმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდი მუშაობაში თემაზე „ბიომედიცინის აქტუალური პრობლემები: ეთიკური გამოწვევები და სამართლებრივი გადაწყვეტა“.
24 სექტემბერს მამა ადამმა გააკეთა მოხსენება სექციურ სხდომაზე „ბიოეთიკა და საზოგადოების მორალი. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი“. მოხსენების თემა, რომლის თანაავტორი გახლდათ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანასტასია ზაქარიაძე, ამგვარად იყო განსაზღვრული: „ბიოეთიკური დისკურსი: რეალიები, საზღვრები, დილემები“.
იმავე დღეს მამა ადამმა კიდევ ერთი მოხსენება წარუდგინა ფართო სამეცნიერო საზოგადოებას – „ოჯახის ბიოეთიკა: სუროგატული რეპროდუქცია“.
მოხსენებებმა დიდი ინტერესი გამოიწვიეს. მამა ადამი მიიწვიეს თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით სხვადასხვა სამეცნეირო ფორუმებზე, უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე სამეცნიერო ბიოსამედიცინო, ფილოსოფიურ, ბიოეთიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა ჟურნალებსა და ინტერნეტ–გამოცემებში.