აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

გრიგოლ ფერაძის ცხოვრების გაკვეთილები

22 დეკემბერს 15:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ცენტრმა გამართა ონლაინ მრგვალი მაგიდა „წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ცხოვრება და მოღვაწეობა“. 

01

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის რექტორმა, წმინდა გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო პრემიის ლაურეატმა, პროფესორმა, არქიმანდრიტმა ადამ ვახტანგ ახალაძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სლავისტიკის  ფაკულტეტის პროფესორმა, საქართველოში პოლონური დიასპორის თავმჯდომარემ ქალბატონმა მარია  ფილინამ, დოკუმენტური ფილმის „თეთრი ანგელოზის ძიებაში“ რეჟისორმა ქალბატონმა თამარ დულარიძემ, პოლონურ-ქართული საბავშვო ლიტერატურული ალმანახის რედაქტორმა ქალბატონმა ბელა სარიამ, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, მოწვეულმა სტუმრებმა.

მრგვალი მაგიდა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, არქიმანდრიტმა, მამა ადამმა.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ქართულად მიესალმა პოლონეთის სახალო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი მარიუშ  მაშკევიჩი.

მოხსენებით „მართლმადიდებელი წმინდანი და კათოლიკური სამყარო. გრიგოლ ფერაძე“ მსმენელთა წინაშე წარსდგა პროფესორი მარია ფილინა.  

დოკუმენტური ფილმის – „თეთრი ანგელოზის ძიებაში“ – შექმნის ისტორიაზე ისაუბრა ფილმის ერთ–ერთმა რეჟისორმა ქალბატონმა თამარ დულარიძემ.

2006 წელს გამოცემული პოლონურ-ქართული საბავშვო ლიტერატურული ალმანახის რედაქტორმა ქალბატონმა ბელა სარიამ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს წარუდგინა ალმანახი და გააცნო მისი შექმნისა და გამოცემის პროექტი. 

მამა ადამის მოხსენების თემა გახლდათ „გრიგოლ ფერაძის ცხოვრების გაკვთილები“. ეს გახლდათ რეფლექსია პიროვნული გამოცდილების განზომილებაში პროეცირებულ უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე წმინდანის ცხოვრებიდან.    

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაფასეს და საკუტარი შეხედულებები გამოთქვეს: უნივერსიტეტის კანცლერმა ნატო ასათიანმა, პროფესორებმა გრიგოლ სულაბერიძემ, ბელა კოპალიანმა, ალექსანდრე რუსეცკიმ.

Created by Joomla.ge