აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

აჰმედ ოზქან მელაშვილის იუბილისადმი
მიძღვნილი საერთაშორისო
კონფერენციის გახსნა

     2012 წლის 22 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აჰმედ ოზქან მელაშვილის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში შედგა საზოგადოებისადმი ქართულ–თურქული კულტურული ურთიერთობების ამსახველი ექსპოზიციის წარდგინებაც. კონფერენციის თემა გახლდათ: "საქართველო და თურქეთი: კულტურულ ურთიერთობათა ისტორია, დღევანდელობა და პერსპექტივები" და იგი თურქეთელი ქართველების „ილია ჭავჭავაძედ“ სახელდებული ეროვნული გმირის, აჰმედ ოზქან მელაშვილის დაბადებიდან 90 წლისთავს მიეძღვნა.

     ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ქართულ-თურქული ურთიერთობების ექსპერტები და ამ სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები, წარმომადგენელნი საქართველოს საპატრიარქოდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან და სხვა სამთავრობო და არასამთვრობო სტრუქტურებიდან, აჰმედ მელაშვილის ოჯახის წევრები და თანამოღვაწენი. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი, შოთა რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური, ლია ჩლაიძე (პროფესორი, თურქოლოგი) მუსტაფა იაკუთი ( გურამ ხიმშიაშვილი, თურქეთელი ქართველი), პოეტი ემზარ კვიტაიშვილი, აჰმედ მელაშვილის ოჯახის წევრები და სხვა სტუმრები. მათ მოიგონეს აჰმედი, მისი ღვაწლი საქართველოს ფარგლებს გარეთ მხოვრები ქართველების ეთნიკური იდენტიფიცირების საქმეში და ისაურეს ქართულ-თურქული კულტურული ურთერთიერთობის აუცილებლობასა და სიკეთეზე.

news 22-24.06.2012 (5)      ამავე დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა კონფე–რენციის I სესია, რომლის ოფიციალური სამუშაო ენები ქართული, თურქული და ინგლისური გახლდათ. სხდომის მოდერატორები იყვნენ: არქიმანდრიტი ადამი (საქართველო) და ერდოღან შენოლი (დავითაძე) (თურქეთი).

     ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ჩატარდა. მისი მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და ეროვნული მუზეუმი. იგი რამდენიმე სეგმენტად ჩატარდა და 21 დან 24 ივნისამდე მიმდინარეობდა, მოიცავდა: საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციას, ქართულ–თურქული კულტურული ურთიერთობების ამსახველი ექსპოზიციის გახსნას, რამდენიმე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას.

Created by Joomla.ge