2010 წლის 22 დეკემბერს 17:00 სთ–ზე სასტუმრო „თორში“ გაიმართა არქიმანდრიტ ადამ ახალაძის წიგნის – „ადამიანი ბიოეთიკურ დროსა და სივრცეში“ – პრეზენტაცია.
„თამარის დროშის“ ბიბლიოთეკის“ სერიით გამოსული რიგით მეოთხე წიგნის გამომცემლები არიან: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, სულიერი და სოციალური განვითარების ფონდი „თამარის დროშა“, კონრად ადენაუერის ფონდი.
წიგნში ავტორი პასუხობს მრავალ შეკითხვაზე, რომელიც უჩნდება თანამედროვე ადამიანს ბიომედიცინის სამყაროში ავადმყოფობისა და ჯანმრთელობის დილემების, ევთანაზიის, „სუროგატული“ დედობის, გენური მედიცინის, ხელოვნური განაყოფიერებისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიზანშეწონილობის ირგვლივ.
„თამარის დროშის“ ბიბლიოთეკის“ პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია არქიმანდრიტი ადამი, სერიის რედაქტორი – მანანა ტუსკია, პროექტის მენეჯერი – სალომე გოგიშვილი, წიგნის რედაქტორი და რუსულ ენაზე მთარგმნელი – ნინო მიქაბერიძე, ინგლისურ ენაზე მთარგმნელი – ცისანა (მარიამ) ბოცვაძე, მხატვრული რედაქტორი – ცოტნე (გიორგი) ომიაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: კონრად ადენაუერის ფონდის კავკასიის რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელი კატია კრისტინა პლატე, აკადემიკოსი გურამ კაციტაძე, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე.
ბოლოს შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგა წიგნის ავტორი.
საღამოს ამშვენებდა ანსამბლ „რუსთავის“ წევრების მიერ შესრულებული სიმღერები და საგალობლები.