ლიტერატურული საღამო
"მარადისობის მონატრება შებინდებისას"
2012 წლის 21 დეკემბერს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო. გაიმართა არქიმანდრიტ ადამ ახალაძის პოეტური კრებულის პრეზენტაცია. საღამოში მონაწილეობდნენ: პიანისტი ნანა ავალიშვილი, საოპერო მომღერალი სოფია ხარაზი, თეატრისა და კინოს მსახიობები: გიორგი ზანგური, მანანა სურმავა, მაკა შალიკაშვილი, იოანე ხუციშვილი. რეჟისორი – ქალბატონი თამარ დულარიძე.
წიგნისა და საღამოს სახელწოდება იყო „მარადისობის მონატრება შებინდებისას“. მამა ადამის პოეტური კრებულის რედაქტორია ცნობილი ქართველი პოეტი და მეცნიერი ემზარ კვიტაიშვილი. წინასიტყვაობაში იგი წერს: „ეს წიგნი დიდი წვისა და შთაგონების ნაყოფია. მასში გამოვლინდა მამა ადამის მიდრეკილება უღრმესი ინტელექტუალური მედიტაციებისადმი, რაც ზედმიწევნით შეესაბამება ვიწრო ჩარჩოებთან შეუგუებელ მის ესოდენ თავისუფალ პიროვნებასა და აზროვნების უფართოეს დიაპაზონს... თქვენს წინაშე თავიდან ბოლომდეა გახსნილი მზიური ბუნების იშვიათი პიროვნება, ვის არსებაშიც იდეალურად გახლავთ შერწყმულ-შეზავებული ღვთის უერთგულესი მსახური და ჭეშმარიტი პოეტი. ამაზე მეტი ღირსება და ჯილდო ძნელი წარმოსადგენია“.
დასასრულ უნივერსიტეტის რექტორმა დალოცა ღონისძიების ყველა მონაწილე და გადასცა საპატიო სიგელები და საჩუქრები.