პროფესორ ჰენრიკ პაპროცკის საჯარო ლექცია უნივერსიტეტში
21 ოქტომბერს უნივერსიტეტის სენატის დარბაზში ჩატარდა ღვთისმეტყველების დოქტორის, ბელოსტოკის უნივერსიტეტის პროფესორის, ვარშავის სასულიერო სემინარიის პედაგოგის, წმიდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისა და მემკვიდრეობის ცნობილი მკვლევარის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ოქროს მედლის მფლობელის, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროსანი დეკანოზის მამა ჰენრიკ პაპროცკის საჯარო ლექცია თემაზე: „წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევის სათავეებთან“.
საპატიო სტუმარს უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი მიესალმა და დამსწრე საზოგადოებას – უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთ კიდევ ერთხელ განუმარტა მამა ჰენრიკის უდიდესი ქართველოლოგიური ღვაწლი, კერძოდ, წმინდანის მოღვაწეობის, პოლონეთის ქართველი ოფიცრების ცხოვრების, ევროპაში ქართული ემიგრაციისა და ქართულ–პოლონური ურთიერთობების კვლევის საქმეში, დაადასტურა მისი სამეცნიერო საქმიანობის უდიდესი მნიშველობა – ეცნობოს მსოფლიოს და მომავალ თაობებს წმიდა გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი ცხოვრებისა და ამ გზით საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ.