„ქართული მიწაც ზეცაა“ - „ლიტერატურულ–მუსიკალური პერფორმანსები თბილისსა და რეგიონებში“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს „ქართული მიწაც ზეცაა“.
პროექტის მიზანია ლიტერატურულ–მუსიკალური პერფორმანსული დროისა და სივრცის მრავალფეროვნებით მაყურებლის/საზოგადოების ყურადღება მიაპყროს თანამედროვე ქართულ ლიტერატურასა და მუსიკალურ საშემსრულებლო ხელოვნებას, როგორც მშობლიურ, ასევე მსოფლიო ლიტერატურულ და მუსიკალურ ნიმუშებს, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ ჩვენს ნაციონალურ და კულტურულ იდენტობას, განსაზღვრავენ საზოგადოების დამოკიდებულებას კულტურული მემკვიდრეობისადმი, სამშობლოსადმი, სხვა ფასეულობებისადმი.
პერფორმანსების ლიტერატურულ ტექსტებს წარმოადგენს არქიმანდრიტ ადამის – ვახტანგ ახალაძის პოეტური და პროზაული ნაწარმოებები, რომლებზედაც ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობენ; იგი ქვეყნდება ლიტერატურულ გამოცემებში, სწრაფად გავრცელდა ინტერნეტ–სივრცეშიც, ითარგმნა, შეიძინა აურაცხელი თაყვანისმცემელი, გამოცემულია ექვსი წიგნი.
მამა ადამი ლიტერატურულ–მუსიკალურ პერფორმანსების შექმნის მიზნით სხვადასხვა დროს (2012 წლიდან) თანამშრომლობდა ქართულ თეატრებთან, ცნობილ მუსიკოსებთან – ნანა ავალიშვილთან, ვალერიან შიუკაშვილთან, ნანა დიმიტრიადთან, ნესტან (ნუგეშა) მესხთან, ნინო ჟვანიასთან, ნინო კასრაძესთან, ეროვნულ სიმებიან კვარტეტთან, მსახიობებთან – მაკა შალიკაშვილთან, ვახტანგ ახალაძესთან, გიორგი ზანგურთან, ვანო ხუციშვილთან, მანანა სურმავასა და სხვებთან.
„ქართული მიწაც ზეცაა“ არის პერფორმანსი, რომელიც დაეხმარება მაყურებელს, აღიქვას საკუთარი თავი ლიტერატურული, მუსიკალური და საერთოკულტურული მემკვიდრეობის მატარებლად, განსაზღვროს თავისი კულტურული და ნაციონალური იდენტობა.
წარმოდგენის ხანგრძლივობა საშუალოდ 110 წუთია. პერფორმანსები (7 წარმოდგენა) გაიმართება თბილისში, რუსთაველის თეატრში – 28 მაისს, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში – 27 ივნისს, თელავში, ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში და ზუგდიდში, შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრში – ოქტომბერში, ჭიათურაში, აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრში და ახალციხეში, მესხეთის დრამატულ თეატრში – ნოემბერში, ასევე ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში – დეკემბერში.