აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

 ქართულმა მეცნიერებამ მძიმე დანაკლისი განიცადა

ქართულმა მეცნიერებამ მძიმე დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა გამოჩენილი თურქოლოგი, მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე  ლია ჩლაიძე. 

ქართული თურქოლოგიის სკოლის სახელოვანი წარმომადგენლის ლია ჩლაიძის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებულია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტთან, ასევე, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან.

ლია ჩლაიძეს ეკუთვნის გამოკვლევები კავკასიაში თურქული ეპოსის “ქოროღლუს” შესახებ, მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია. დიდი მეცნიერული და ეროვნული მნიშვნელობის გახლავთ მისი რედაქციით გამოსული “კავკასიის ხალხთა ფოლკლორის” კრებულები.

ცალკე აღსანიშნავია ლია ჩლაიძის მთარგმნელობითი საქმიანობა. მან ქართველ მკითხველს გააცნო გამოჩენილი თურქი მწერლის, დრამატურგის, ქართველი წარმოშობის ჰალდუნ თანერის (თავდგირიძე) შემოქმედება, თურქული ფოლკლორი. ლ. ჩლაიძის მთარგმნელობითი მოღვაწეობა აღინიშნა ლიტერატურული პრემიით “გალა”, ნობელის პრემიის ლაურეატი თურქი მწერლის ორჰან ფამუქის რომანის “ მე მქვია წითელი” თარგმანისათვის.

   

ლია ჩლაიძე ათწლეულების მანძილზე აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის მიმართულებით. ლია ჩლაიძისა და მისი განსვენებული მეუღლის სტუმართმოყვარე ოჯახში მშობლიურ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს ეზიარნენ თურქეთიდან ჩამოსული ქართველები, რომლებიც მას სიყვარულით “ლია დეიდას” სახელით მიმართავდნენ. 

ლია ჩლაიძის და მისი მასწავლებლის,  პროფესორ ოთარ გიგინეიშვილის მეგობრობითა და თანადგომით, თურქეთში ქართული საქმისათვის იბრძოდა ქართველი ხალხის სიამაყე აჰმედ ოზკან მელაშვილი.

თურქეთელი ქართველები ყოველთვის გრძნობდნენ მის დაუცხრომელ ზრუნვასა და ყურადღებას. 2015 წელს, სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრმა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის მონაწილეობით, ქ. სტამბოლში მოუწყო საზეიმო და მადლიერების შეხვედრა ქალბატონ ლია ჩლაიძეს. შეხვედრის მონაწილეთათვის დაუვიწყარი იქნება ის სიყვარული და პატივისცემა, რაც თურქეთის ქართველმა საზოგადოებამ მიაგო თავის ამაგდარ მასწავლებელსა და გულშემატკივარს, ჩვენებურების მოამაგესა და თურქეთში ქართული ეთნიკური კულტურის დაცვისათვის დაუცხრომელ მებრძოლს - პროფესორ, თურქოლოგ ლია ჩლაიძეს.

ლია ჩლაიძემ პირნათლად მოიხადა თავისი საქვეყნო ვალი. მოკრძალებით ვხრით თავს ძვირფასი მასწავლებლის, უფროსი კოლეგის, სათნო და გულისხმიერი ქალბატონის ხსოვნის წინაშე.

Created by Joomla.ge