"საზოგადოებრივი მაუწყებლის" რადიოს გადაცემა "ისევ განათლების საკითხებზე"
19 ნოემბერს 15:10 სთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი რადიოს გადაცემას „ისევ განათლების საკითხებზე“ სტუმრობდა საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ბატონი გრიგოლ სულაბერიძე და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ქალბატონი ირინე ბიბილეიშვილი. მათ ღია ეთერში უპასუხეს გადაცემის წამყვანის, ნინო დათუკიშვილისა და რადიომსმენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
გადაცემის დასაწყისში ბატონმა გრიგოლ სულაბერიძემ საზოგადოებას წარმოუდგინა უნივერსიტეტის მისია, გააცნო უნივერსიტეტის ისტორია და მიაწოდა ინფორმაცია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მოწყალების დების სპეციალობაზე, მათ სასწავლო კურიკულუმსა და ამ სპეციალობით კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე.
აღინიშნა, რომ მხოლოდ თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტშია ფარმაციის და ტრადიციულ მედიცინის ფაკულტეტი, სპეციალობა, სადაც სწავლება მიმდინარეობს კლასიკური ფარმაციის და ქართული ტრადიციული მედიცინის ჰარმონიული ნაზავით, თავისი შინაარსით ასევე გამორჩეულია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოთერაპიის ფაკულტეტი.
გადაცემაში ისაუბრეს უნივერსიტეტში არსებული სწავლების უნივერსალურ მოდელზე, რომელიც საერო და სასულიერო განათლების ჰარმონიულ ინტეგრაციას გულისხმობს. გადაცემის წამყვანმა და დაინტერესებულმა რადიომსმენელმა მოისმინა თუ როგორ ხდება სწავლების ამ მოდელის დამსახურებით სტუდენტის ზნეობრივი ღირებულებების ამაღლება და პრიორიტეტების სწორი ორიენტირების ჩამოყალიბება.