შალვა კარმელი – 120
მწერალთა სასახლეში გაიმართა ქართველი პოეტის შალვა კარმელის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. იგი გახსნა პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა. ღონისძიებას უძღვებოდა მწერალი ზაალ ბოტკოველი.
მოხსენებით „უმრწემესი ცისფერყანწელი – ყველაზე უფრო ლექსის ოსტატი“ მსმენელთა წინაშე წარსდგა მამა ადამი. „როდესაც პოეტზე უნდა თქვა სიტყვა, – პ ო ე ტ ზ ე! – სათქმელს კი არ ეძებ, იმაზე გიხდება ფიქრი, რადგანაც ყველაფერს ვერ იტყვი, ქარიშხალივით მოზღვავებულობიდან რა ამოარჩიო. ეს დიდი პასუხისმგებლობაა პოეტის სახელზე უფრო მეტად პოეზიის წინაშე. ამიტომ, მგონი, აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ პოეტის ხმას. იგი თავისსავე სამყაროში საუკეთესო მეგზური იქნება“. ამის შემდეგ წაიკითხა შალვა კარმელის ლექსი „გამოთხოვება სულთან ავადმყოფ სხეულის“ და განიხილა იგი, როგორც უზუსტესი ექსპრესია პოეტის ანთროპოლოგიისა. „როგორ შეძლო ყოფილიყო ასეთი დიდი ერუდიტი, ეწერა ასე განსხვავებულად, უმაღლესი პოეტური კულტურით, იმგვარ თემებზე, რომელთაც ცოტა ვინმე თუ შეხებია! მისი სამყარო გასაოცრად მრავალფეროვანია, ლექსი – ოსტატურად დახვეწილი, გემოვნება – უტყუარი! ისღა დაგვრჩენია, მის შესახებ იმგვარად ვწეროთ და ვამცნოთ მთელს კაცობრიობას, როგორც მის პოეტობას შეშვენის“.
სიტყვით გამოვიდნენ ასევე ნინო ბაქანიძე, ერეკლე საღლიანი, ჟაკლინ სირაძე, თინათინ მღვდლიაშვილი, დენიზა სუმბაძე და სხვები.
საღამოზე წაიკითხეს შალვა კარმელის ლექსები.