აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საერთაშორისო სიმპოზიუმი რუმინეთში

15-18 სექტემბერს რუმინეთში - კონსტანცასა და რამნიკუ-ვალჩეაში გაიმართა წმინდა ანთიმოზ ივერიელის მოწამეობრივი აღსასრულის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე:  „წმინდა ანთიმოზ ივერიელი – ევროპული და კავკასიური კულტურა და სულიერება მე-17 საუკუნის ბოლოსა და მე-18 საუკუნის დასაწყისში“.  სიმპოზიუმზე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე), რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით: „ანთიმოზ ივერიელის (ქართველის) ცხოვრებისა და მოღვაწეობის რეკონსტრუქციის მცდელობანი კროსკულტურულ ურთიერთობათა კომპეტენტურობის კონტექსტში“.

სიმპოზიუმი 3 დღე გრძელდებოდა. მისი ორგანიზატორები გახლდნენ: რუმინეთისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიები, კონსტანცის ოვიდიუსის უნივერსიტეტი და ამ უნივერსიტეტის სამი მონოთეისტური რელიგიის – ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის რელიგიური და იურიდიულ–კანონიკური კვლევებისა და შესწავლის ცენტრი, სილეზიის უნივერსიტეტი (პოლონეთი, კატოვიცე), რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტომისისა და რამნიცის საარქიეპისკოპოსოები.

სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოდან ჩასული სხვა მეცნიერებიც: მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე,  ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, პროფესორი გია ალიბეგაშვილი, თსსუ მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის კათედრის გამგე, პროფესორი რამაზ შენგელია, თსუ პროფესორი მარიამ ჩხარტიშვილი, თამარ მეფის უნივერსიტეტის პროფესორები ქეთევან პავლიაშვილი და ზვიად ტყეშელაშვილი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ბადრი ფორჩხიძე და სხვები. 

Created by Joomla.ge