ქართველი ებრაელი მხატვრის თემო იაკობაშვილის ვერნისაჟი
15 თებერვალს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაული ურთიერთობების ისტორიის მუზეუმში გაიხსნა აწ გარდაცვლილი, ისრაელში მცხოვრები ცნობილი ქართველი ებრაელი მხატვრის თემო იაკობაშვილის გამოფენა.
ღონისძიებაზე ოფიციალურად მიწვეულნი გახლდნენ თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე) და საქმისწარმოებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის კურატორი ირინე ბიბილეიშვილი.
ბატონი თემო იაკობაშვილი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა ისრაელში. მხატვრის მეუღლემ ქალბატონმა ნანიმ და მისმა თბილისელმა მეგობრებმა დიდი ხნის ოცნება შეუსრულეს შემოქმედს და მისი ფერწერული ტილოები თბილისში გამოფინეს.
საღამო ბატონ გივი ღამბაშიძესა და ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს მიჰყავდა. თემო იაკობაშვილის ნაცნობ-მეგობრებმა მოიგონეს მხატვარი, გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან, წაიკითხეს აწ გარდაცვლილი მეგობრის წერილები.
გამოფენილი ნამუშევრები მხატვრის თბილისის კოლექციას განეკუთვნება.
მუზეუმი გამოფენას 25 თებერვლამდე უმასპინძლებს.