გამოხმაურება. მოსაზრება. შთაბეჭდილება.
გთავაზობთ გამოხმაურებას მამა ადამის, 11 ივნისს ბათუმში ჩატარებული ლიტერატურულ–მუსიკალური პერფორმანსის შესახებ.
ჩიტო ომერაძე (ბათუმი)
პერფორმანსი მაგნოლიებიანი ზღვისპირა ქალაქის თეატრში
საოცრად ამაღლებული, გულის გულამდე სუფთა, უდიდესი მონატრებითა და სიყვარულით გამთბარი საღამო!
ბათუმელების გულები ვერ იტევდა მოზღვავებულ სიყვარულსა და სითბოს. ჩვენი ქალაქი მის ღვიძლ შვილს ეფერებოდა იმ დღეს, მონატრებულ შვილს – არქიმანდრიტ ადამს –ვახტანგ ახალაძეს, რომელმაც უზარმაზარი სიყვარული და გული აჩუქა ბათუმს.
ორი საათის განმავლობაში თითოეულმა ჩვენგანმა ბათუმის წარსულითა და მოვავლით იცხოვრა: მამა ადამმა ბათუმურ დროსა და სივრცეში გვამოგზაურა! დამეთანხმებიან ყველანი, ვინც კი იქ იყო, რომ ჩვენთვის საოცარი ბათუმის ნოსტალგია ძალიან ღრმად დარჩენილა ჩვენში და ამას გაღვიძება უნდოდა თურმე. დარბაზში მსხდომნი კარგახანს დავდიოდით ქათქათა ბათუმის ქუჩებში. როგორ მოეფერა ადგილის დედას, სოხუმის უძვირფასეს ქუჩას და იმ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმის სიყვარული გულის გულში გაუტარეს საღამოს ავტორს. წვიმის წვეთები, ზღვის ხმაური, თოლიების ხმა, სიზუსტითა და გემოვნებით მოტანილი მუსიკის გულში ჩამწვდომი ჰანგები უსაზღვროდ უხდებოდა მამა ადამის გასცენიურებულ შემოქმედებას. ქალაქთან ერთად ჩვენ ხომ ჩვენი სამშობლოს ისტორიის "ვერამოგლეჯილი სიყვარულის გაუნელებელი ტკივილიც" გავითავისეთ იმ დღეს. მაინც გაჩნდა კითხვა? როგორ გავძელით და როგორ მოვედით აქამდე? იმ სიძლიერით და გაუტეხელი ჟინით მოვედით, რომელსაც საქართველოს სიყვარული ჰქვია. უნებურად ეს სტრიქონიც შემორჩა მეხსიერებას – "ტაძრის კედლებს ფუნჯის მოსმით ანდობდა იმედს"! იმედს, რომელიც ჩემთვის და ყველასთვის ოცნებაა დიდი! როგორ ლამაზად ითქვა: "ეს ყველაფერი მთელი ცხოვრება მეხსომება". რეალობა, სინამდვილე, დიდი სიყვარული , რომელიც გულში გაივლის და იქ დარჩება – ის ადამიანს არასოდეს ავიწყდება. ლამაზად, ნელ–ნელა, საოცარი მუსიკის ფონზე, ეკრანიდანაც გვიერთდებოდნენ და ჩვენც ჩუმად უხმაუროდ მოვიარეთ ჩვენებურები იქ, უცხოეთის მიწაზე, ვისაც უკიდეგანოდ აკლია ჩვენი ყურადღება და სითბო, ვინც სიყვარულსა და გულს ითხოვს ჩვენგან მხოლოდ. ესეც ხომ დროული მინიშნება იყო. უნებურად ზურაბ გორგილაძის სიტყვები გამახსენა: "შიგნით რას მერჩი ქართველო, გარეთ მყავს გადასარჩენი". ესეც შეგვახსენა ამ შეუდარებელმა პერფორმანსმა. აქაც საღამოს ავტორის სიტყვებს დავესესხები – " მე ამიტომაც მეშინია სიკვდილის, ვაითუ ვერ მოვასწრო ის, რაც უნდა გავაკეთო". მე კი ნამდვილად მაქვს იმედი, რომ მამა ადამი მოასწრებს და თავის სიტყვას შეასრულებს... ბათუმიდან გაღმა, შორს მოფარებულ სივრცეში, ჩვენი აფხაზეთიც გამოჩნდა. იქაც ვიმოგზაურეთ ტკივილიანი ბილიკებით. ანსამბლ "ბათუმის" ბიჭების გამორჩეული ხმებით მოგვაგონა პოეტმა – "სოხუმი საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო"... ასეა, ყველას და ყველაფერს პატრონი უნდა; პატრონი, რომელიც საქართველოს დიდებას და სიძლიერეს, ერთიანობას დაუბრუნებს. ეს ყველაფერი კი, უდიდესი სიზუსტით ნათქვამი, გასდევდა მთელ იმ საღამოს – მამა ადამის თეტრის სცენაზე გამომზეორებულ შემოქმედებას. "გული მეწურება, მტკივა საქართველო" –ასე ითქვა მართალი და გულიდან ამოხეთქილი სიტყვა. ასე, მამა ადამივით უნდა ეწურებოდეს გული და სტკიოდეს საქართველო ყველას. ალბათ მაშინ გვეშველება.
კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ ალბათ სხვა დროს...
დამთავრდა ყველაფერი და გარეთ წვიმა დაგვხდა; ბათუმური წვიმის წვეთები, რომლითაც დაიწყო საღამო...ესეც სიმბოლური იყო ალბათ, იმიტომ, რომ დარბაზიდან გამოყოლილმა ცრემლებმა თავისი გზა გააგრძელა... როგორ გვჭირდება თურმე ასეთი შეხვედრები, გულის გულში ჩატეული მამულის სიყვარულით სავსე... როგორ მეტს და ბევრს უნდა მოესმინა ეს! უმეტესწილ კი ახალგაზრდობას... ეს ყველაფერი გასატანი და მისატანია თითოეულ ქართველამდე. იმ საღამოს მე ეს პერფომანსი ქართველებისადმი მოწოდებად აღვიქვი. ჩემს გულთან ასე მივიდა. მადლობა ამისათვის, ამ სიყვარულისა და მონატრებისათვის!