წმიდა ღირსმოწამე გრიგოლის (ფერაძის)
სახელობის კაბინეტის გახსნა
2012 წლის 12 დეკემბერს თამარ მეფის უნივერსიტეტში გაიხსნა წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი.
ამ ღონისძიებაზე მობრძანდნენ პოლონეთისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების, საქართველოში აკრედიტებული პოლონეთის საელჩოს, თურქეთელი ქართველების სათვისტომოს, ფერაძეთა საგვარეულოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სასულიერო პირები.
გახსნის ცერემონიალი წმიდა ღირსმოწამის არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის სავედრებელი პარაკლისით დაიწყო, რომელიც გადაიხადეს უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა (საქართველო), ვარშავის წმ. ღირსმოწამე გრიგოლ ფერაძის სახ. ეკლესიის წინამძღვარმა, მიტროსანმა დეკანოზმა ჰენრიკ პაპროცკიმ (პოლონეთი) და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ვილნიუსისა და ლიტვის ეპარქიის ქ. ვისაგინასის წმ. დიდმოწამე პანტელეიმონის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა იოსებ ზეთეიშვილმა.
წმიდა გრიგოლ ფერაძის მემკვიდრეობის მეცნიერული კვლევისა და პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი კაბინეტის დაარსების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს: სრულმა პროფესორმა, არქიმანდრიტმა ადამმა (ახალაძემ), ღვთისმეტყველების დოქტორმა, ბელოსტოკის უნივერსიტეტის პროფესორმა მამა ჰენრიკ პაპროცკიმ, ქმიდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოების თანათავმჯდომარემ პროფესორმა ილია ფერაძემ, დეკანოზმა იოსებ ზეთეიშვილმა, პოლონეთის საგანგებო ელჩმა მიხეილ კლინგერმა, პროფესორმა თამილა მგალობლიშვილმა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ოლეგ პანფილოვმა.
გამომსვლელებმა ისაუბრეს წმიდა ღირსმოწამე გრიგოლ ფერაძის უდიდესი ღვაწლის შესახებ, გაიხსენეს უმნიშვნელოვანესი ფაქტები მისი მოწამებრივი ცხორებიდან და აღნიშნეს იმ საქმის მნიშვნელობა, რასაც უნივერსიტეტი აკეთებს გროგოლ ფერაძის სახელის უკვდავსაყოფად – სამეცნიერო კვლევებით, კონფერენიციებითა და სემინარებით, ქართულ–პოლონური ურთიერთობების გაღრმავებითა და ა.შ. აქვე დაიგეგმა წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ეკლესიისა და მუზეუმის დაარსება.
ამის შემდეგ გაიხსნა კაბინეტი. ლენტის გაჭრის პატივი წილად ხვდათ წმიდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრების უდიდეს მკვლევარს მამა ჰენრიკ პაპროცკისა და წმიდა გრიგოლ ფერაძის შთამომავალს – ბატონ რომანოზ ფერაძემ.
არქიმანდრიტმა ადამმა საზოგადოებას გააცნო კაბინეტში წარმოდგენილი წმინდანის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური მასალები, წიგნები, სურათები, ალბომები, პერიოდული გამოცემები.