აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ლიტერატურულ–მუსიკალური პერფორმანსი 
"გელათთან მომენატრებით" 

     10 ნოემბერს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მაყურებელს საშუალება ჰქონდა ეხილა არქიმანდრიტ ადამის (ვახტანგ ახალაძის) მორიგი ლიტერატურულ–მუსიკალური პერფორმანსი „გელათთან მომენატრებით“. 

     მამა ადამის პოეზიაზე ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ. იგი ქვეყნდება ლიტერატურულ გამოცემებში, სწრაფად გავრცელდა ინტერნეტ–სივრცეშიც, ითარგმნა, შეიძინა აურაცხელი თაყვანისმცემელი. ამავდროულად მამა ადამი თავისი ლიტერატურული ტექსტების საფუძველზე ქმნის ლიტერატურულ–მუსიკალურ პერფორმანსებს. ამ მიზნით იგი თანამშრომლობს ქართულ თეატრებთან (კინომსახიობის, რუსთაველის...), ცნობილ მუსიკოსებთან – ნანა ავალიშვილთან, ნანა დიმიტრიადთან, ვალერიან შიუკაშვილთან, ეროვნულ სიმებიან კვარტეტთან, ქართველიშვილების ოჯახურ ტრიო „იებთან“, მსახიობებთან – მაკა შალიკაშვილთან, ვახტანგ ახალაძესთან, გიორგი ზანგურთან, მანანა სურმავასა და სხვებთან. 

     მაყურებელს საშუალება ჰქონდა მოესმინა სცენაზე გაცოცხლებული პოეტური და პროზაული ტექსტები: „ხმა შუადღიდან“, „თორემ რას გავძლებ“,„ქვევრის რეკვიემი“, „ლურჯი ძარღვები და ფესვები, ასევე ლურჯი“, „დათვი“, „ამაშუკეთი“, „ამბავი, მოსვენებას რომ არ მაძლევს...“, „ლოცვა გოდრიდან“, „უბისა“ და სხვ. ჟღერდა ნანა ავალიშვილის მიერ შესრულებული იმპროვიზაციები და კომპოზიციები.

     ქუთაისური პერფორმანსი რიგით მეექვსეა. იგი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ეგიდითა და ქუთაისის საზოგადოებრიობის წარმომდგენლების ხელშეწყობით გაიმართა.

Created by Joomla.ge