გერმანელი სტუდენტების ვიზიტი
1 დეკემბერს გაცვლითი პროგრამების ფარგლებში უნივერსიტეტს 1 დღიანი გაცნობითი ვიზიტით სტუმრად ეწვია ქ. ფრაიბურგის უნივერსიტეტის მოვლის პედაგოგიკის სტუდენტები, თანმხლებ ოფიციალურ პირებთან ერთად: უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი კორნელია კრიჩელდორფი და საექთნო განათლების პროგრამების კოორდინატორი, პროფესორი ანნა კელნერი; აგრეთვე, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების ხელმძღვანელი გაიოზ ყუბანეიშვილი.
გერმანელი სტუდენტები შეხვდნენ ჩვენი უნივერსიტეტის მოწყალების დების ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ახალგაზრდებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
სტუმრებს მიესალმა არქიმანდრიტი ადამი და გერმანელ ახალგაზრდებს მოუთხრო მოწყალების დების ფაკულტეტის შექმნისა და განვითარების ისტორია საქართველოში. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ქალბატონებს კორნელია კრიჩელდორფსა და ანნა კელნერს თანამშრომლობის ესოდენ ეფექტური დასაწყისისთვის.
უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბატონმა გრიგოლ სულაბერიძემ სტუდენტებისა და გერმანელი კოლეგების სანიმუშოდ წარმოუდგინა პრეზენტაცია საექთნო საქმის ერთ-ერთი მოდულისა – საექთნო დიაგნოზი: თავის ტრავმა. გერმანელმა სტუდენტებმა ინტერესით მოისმინეს ეს მინი-ლექცია, დასვეს შეკითხვები სასწავლო პროცესის უკეთ გაცნობის მიზნით.
ქალბატონმა ანნა კელნერმა ისაუბრა საექთნო განათლების სტრუქტურაზე, მის თავისებურებებსა და საექთნო მოღვაწეობის რაობაზე გერმანიაში. ასევე უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
თავის გამოსვლაში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო ქალბატონი კორნელია კრიჩელდორფი. მან ქართული მხარე გერმანიაში მიიწვია.
აღსანიშნავია, რომ ა/წ 28 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფისა უნივერსიტეტსა და ქ.ფრაიბურგის უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც დაარეგულირებს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა გაცვლით პროგრამებს ამ ორი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის რამდენიმე მიმართულებით.