სასწავლო წლის დაწყების ზეიმი
2013 წლის 1 ოქტომბერს ახალი აკადემიური წლის დაწყებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში საზეიმო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ–მასწავლებლები, მოწვეული საპატიო სტუმრები.
სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას ტრადიციული, მისასალმებელი რექტორის სიტყვით მიმართა მამა ადამ ახალაძემ.
უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ–მასწავლებლებს სასწავლო წლის პირველი დღე მიულოცეს: აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ბატონმა დიმიტრი ჯაიანმა, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იაკობ უშიკიშვილმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
მსახიობებმა მაკა შალიკაშვილმა და ვახტანგ ახალაძემ წაიკითხეს ლექსები. ცნობილმა პიანისტმა ნანა ავალიშვილმა შეასრულა საკუთარი იმპროვიზაციები და კომპოზიციები კლასიკური, ქართული ხალხური და კინომუსიკის თემებზე.
დასასრულ, უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა, დეკანოზებმა თეომურაზმა და იაკობმა გადაიხადეს სავედრებელი პარაკლისი, რის შემდეგაც უნივერსიტეტის აუდიტორიებში სასწავლო პროცესი განახლდა.