1 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა საპატრიარქოს, საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასისა“ და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იყო „ავადმყოფის მოვლა კლინიკური სივრცის მიღმა“. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ავადმყოფის მოვლასთან დაკავშირებული მდგომარეობა, შინმოვლის სპეციალისტის, როგორც კვალიფიკაციის არსებობის საკითხი და ისაუბრეს სტანდარტებისა და პროგრამების შემუშავებაზე.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი ზაზა სოფრომაძე, პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი ბატონი კახა ერაძე, ქ. თბილისის საკრებულოს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ფავლენიშვილი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.