ახალი ბიოსამედიცინო ეთიკური რეალობა და მისი არსი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ყოველკვირეული გამოცემა „საპატრიარქოს უწყებანი“ (N5, 7-13 თებერვალი, გვ. 8-11) აქვეყნებს ჟურნალისტ ია ხაზარაძის ინტერვიუს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვართან, საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპერტამენტის თავმჯდომარეს, წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორთან, არქიმანდრიტ ადამ ახალაძესთან.
ადამიანთა მოდგმის წინაშე მისი ისტორიული არსებობის მანძილზე მუდამ იდგა დილემა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ზნეობრივად მისაღები ადამიანისთვის და რა არა. თანამდროვე პირობებში ეს კითხვა სხვაგვარად ისმის: ყველაფერი, რისი განხორციელებაც შესაძლებელია ტექნოლოგიურად, მისაღებია თუ არა ეთიკურად? დღეს ეს საკითხი აქტუალურია ისე, როგორც არასდროს; რადგან ადამიანი დაეუფლა ცოცხალი მატერიის, ადამიანის, ბუნების განვითარების პროცესში ჩარევის მანამდე არნახულ მექანიზმებსა და საშუალებებს.
_დღევანდელ კაცობრიობას თითქოს დაეკარგა ღერძი, ორიენტირი...
_ეს არ არის მხოლოდ თანამედროვეობის პრობლებმა, მაგრამ ჩვენს დროში ეს განცდა გააღრმავა იმან, რომ შეიცვალა ბიოლოგიური, ფიზიკური და თუნდაც ასტრონომიული რეალობა. იმის გამო, რომ ამდენი ადამიანი, სხვა ცოცხალი არსებები და აპარატი გავიდა კოსმოსში, იგი, ცხადია, შეიცვალა. როდესაც ირღვევა ბუნების კანონები, ყველაფერი იცვლება. როცა ღმერთი სასწაულს გვივლენს და ამით ბუნების კანონებს არღვევს (მაგალითად ზამთარში ია აყვადება, ან პირიქით, ზაფხულში თოვლი მოვა) ეს არის ღვთის მიერ დაშვებული დარღვევა ბუნების კანონებისა, სასწაული, რომელიც როგორც კი დამთავრდება, კვალს ნეგატიური რეზულტატის სახით არ ტოვებს; რადგან ის, ვინც ეს კანონი დააწესა, თავად არის ამ ქმედების სუბიექტი. მაგრამ როდესაც ადამიანი არღვევს სამყაროს კანონებს, მას არ შეუძლია გათვალოს აბსოლუტურად ზუსტად, თუ რა შედეგი მოჰყვება ამას. სწორედ ბუნების კანონებში ადამიანის უხეშმა ჩარევამ გამოიწვია გლობალური დათბობა და დაარღვია ბუნებრივი ბალანსი მთელ დედამიწაზე. იქ, სადაც ტბას ან მდინარეს დააშრობ, კლიმატი იცვლება. ამას არც სჭირდება ახსნა; უკვე ყველა თვალნათლივ ხედავს, რომ ადამიანმა დაანგრია ეკოლოგიური გარემო და თავისი მომხმარებლური დამოკიდებულებით სრულ კატასტროფამდე მიიყვანა დედამიწა. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ჩვენთან ეკოლოგია, როგორც მეცნიერება, მეტად უნდა იყოს განვითარებული. არადა, ეკოეთიკა არის განუყოფელი ნაწილი ერთიანი ეთიკისა. ჩვენ, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში ჩავატარეთ `მრგვალი მაგიდა~ თემაზე “ბიოეთიკა, სოციალური ეთიკა და ეკოეთიკა. როგორ გადავრჩეთ დღეს? როგორ ვიცხოვროთ ხვალ?” მასში მონაწილეობდნენ როგორც სასულიერო პირები, მეცნიერები, ასევე პარლამენტარები, სამთავრობო სტრუქტურებისა და სამოქალაქო სექტორის, კულტურის სფეროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მწერლები, ჟურნალისტები... რადგან ეს ყოველივე, ეთიკის ყველა მიმართულება მჭიდროდ არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული და სხვაგვარად არც შეიძლება რომ იყოს. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი ღვარცოფები იყო შარშან სვანეთში და უცნაურ, არარსებულ მიზეზებს იგონებდნენ ამის ასახსნელად. უფრო რეალური მიზეზი კი, როგორც მსოფლიო ექსპერტები გვიდასტურებენ, ასეთ შემთხვევებში ტყეების გაკაფვა გახლავთ. წუხან, ყინული დნებაო მთებშიო, და რატომ დნება ყინული? იმიტომ, რომ ქვემოთ, მთების ძირში ვარღვევთ ბუნების კანონებს, ვჩეხავთ ტყეებს (ვერ წარმოგვიდგენია თითოეული ხის ეკოლოგიური ღირებულება), არ ვაკონტროლებთ ასფალტის საფარველის სივრცეებს, ვერ ვუვლით სხვადასხვა ნარჩენებს... _ ვანადგურებთ ეკოგარემოს.
აღსანიშნავია, რომ დღეს საერთაშორისო ეკოლოგიური სკოლები და საზოგადოებები ცდილობენ ამ პროცესებში ჩართონ ეკლესია, სულიერი ადამიანები, რადგან ეკლესიის მრევლი არის საზოგადოების განუყრელი, მნიშვნელოვანი ნაწილი. წარმოუდგენელია ქრისტიანი არ ზრუნავდეს ღვთის მიერ შექმნილ სამყაროზე და არ აწუხებდეს ის, რომ კაცობრიობა ზნეობრივად მისაღებ ნორმებს აცდა და კატასტროფულ შედეგებამდე მივიდა.